ჩვენ ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები- ტიმოშენკო
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი გუნდი მზად არის, უმაღლეს რადაში მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგეს.

„დღეს არავინ იცის, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი. ეს მხოლოდ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული. ამიტომ აირჩიეთ.დღეს უკრაინის ბედი თითოეული ჩვენგანის ხელშია. მხოლოდ უნდა ავიღოთ პასპორტი, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაკეთოთ არა ემოციური არჩევანი, არამედ გავაკეთოთ არჩევანი მთელი გულით, მთელი გონებით, რათა საბოლოოდ შანსი გაგვიჩნდეს“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრემიერმა

მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკრაინას მორიგი შეცდომის დაშვების დრო არ აქვს.

„ყველა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ის ბიულეტენები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი აგდებს საარჩევნო ყუთში, ეს არ არის ბიულეტენი პარტიისთვის ან დეპუტატობის კანდიდატისთვის. ეს არის ბიულეტენი ჩვენი ცხოვრებისთვის, შვილების ცხოვრებისთვის. თქვენ კარგად იცით უკრაინის ისტორია. ჩვენ ბევრჯერ შევცდით, ავირჩიეთ კლანური სისტემის ლიდერები და მარიონეტები, ახლა შეცდომების დრო არ არის“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.
Print
ბოლო სიახლეები