ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში" ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დაკმაყოფილდა

საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში" ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღების მოტხოვნაზე  არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


„როგორც მოსალონდელი იყო, სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან.

ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა საქალაქო  სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ  გადაიფორმა.

რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის  მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

Print
ბოლო სიახლეები