“არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა“–გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს
რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია მეგობრებს და მხარდამჭერებს მიმართავს, სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაოს 40 000 ლარის გადახდა არც იფირონ. როგორც ცნობილია, თავად გვარამია ამ თანხის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მისთვის ორი ვარიანტია მისაღები – პატიმრობა ან თავისუფლება. გვარამია მის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს:
“მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო.

წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.

ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესახლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას.“– წერს გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ გირაოს თანხა 40 000 ლარამდე შეამცირა.
Print
ბოლო სიახლეები