ამას ქვია პოლიციური რეჟიმი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ლევან გოგიჩაიშვილი
„საპოლიციო რეჟიმი, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“ - ეს განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ.  

”2 დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა ადამიანებისთვის და აქ შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი და არ არის დემოკრატია. არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს უხდება და მითუმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ხალხის გარემოცვით“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და მას საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობა აუხსნა. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო დემოკრატია პირველ რიგში ის არის, როდესაც ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას პარალმენტში, მონაწილეობს სხდომებში და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას.

„საპოლიციო რეჟიმში თუ სასტვენებს გულისხმობდით, სასტვენების ხმა ჩვენ აქ მოვისმინეთ და თან მშვიდად. რაც შეეხება საშვების საკითხს, შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით და იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება ასეთი ზომები გამოიყენოს, თუ ამის საჭიროება არსებობს - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Print