90-იანი წლების სქემებია, რას ვემსგავსებით? სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ? - ჭიჭინაძე გახარიას
„ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაგროვდა, რა მეთოდი იქნება გამოყენებული კორუფციასთან ბრძოლაში“ - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა.

ჭიჭინაძის განცხადებით, ტრიალებს ყალბი დღგ-ების კომბინაციები და ასეულობით მილიონი ზიანია ბიუჯეტისთვის მიყენებილი.

„ გირაოში შეტანილი სულ რაღაც 2-3 მილიონი. ახალი სქემაა მე მგონი. რა მოხდა, ადამიანები მოიპარავენ 100 მილიონს, გადაიხდიან ერთ მილიონს. ასეთი სქემები რომ ტრიალებს, რატომ არ არის დაკავებული ვინმე მაღალი თანამდებიობის პირი? ყველას კარგად მოგვეხსენება, ასეთი რაღაცეები ზემოდან მფარველობის გარეშე არ ხდება. რას ვემსგავსებით? უკვე სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ, ამაზე მაინტერესებს პასუხი თქვენგან, ბატონო გიორგი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, რა იგულისხმება ამაში - სამართლებრივი დასჯა თუ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და დღითი-დღე ღრმავდება და ღრმავდება. პოლიტელიტა უფრო და უფრო მდიდრდება, უფრო და უფრო კლანური მმართველობა მყარდება ქვეყანაში და ქვედა დონე მოსახლეობის უფრო ღარიბდება“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
Print