"სულში ჩაგვაფურთხეს"– ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის შეწყალების აქტზე
“სულში ჩაგვაფურთხეს”- ასე გამოეხმაურა მსახიობი ნანა ლორთიფანიძე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, რომლის მიხედვით პატიმრობიდან გათავისუფლდა ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ღამბაშიძე. მოკლული დავით ოთხმეზური, ნანა ლორთქიფანიძის მამიდაშვილის შვილი იყო.

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარია ზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, 18 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნი ბრიფინგს გამართავს.

Print
ბოლო სიახლეები