გამოძიებამ თამთა თოდაძე დაკითხა, რომელიც დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ისანი–სამგორის პოლიციის სამმართველოში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თამთა თოდაძის დაკითხვა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თამთა თოდაძის უფლებადამცველის, თამარ ლუკავას განცხადებით საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთას წინააღმდეგ ნამდვილად მოხდა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ილია ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ბრალი კიდევ უფრო გამყარებულიყო.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ოფისში აღმოჩენილი დაზიანებული ნივთები მომხდარ ფაქტს ადასტურებს. “ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი არის ის, რომ მას აუცილებლდ წაუყენებენ ბრალს, იმიტომ, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფაქტს", - ამბობს ადვოკატი.

თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ თამთა თოდაძის ოჯახს დეპუტატის ახლობელმა მორიგება შესთავაზა. შეთავაზების დეტალები უცნობია. გამოძიებამ თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძეც დაკითხა.

Print
ბოლო სიახლეები