ეჭვი მეპარება, 26 აპრილამდე სრულად შევძლოთ სასწავლო პროცესის აღდგენა- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეჭვი ეპარება, რომ სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე აღდგება.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

,,სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ როგორ ვალაგებთ პრიორიტეტბს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება”, – განაცხადა გახარიამ.

გახარია აღნიშნავს, რომ გეგმაში, რომელიც განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს, გაწერილი უნდა იყოს, როგორ ხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა. პრემიერის თქმით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის მზად არ არის.

,,ის, რომ ჩვენი სისტემა არ არის მზად სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და თავი არ მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ბავშვი რეგიონებში გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ, აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ”, – ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდეა გახანგრძლივებული.