ISFED-მა წარმოადგინოს, რომელი უბნები დაითვალა, 2%-იანი ცდომილება ბევრია – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელი უბნების მონაცემების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს მონაცემები, რომელიც ცესკოს მონაცემისგან აცდენილია.

“ერთადერთი პარტია არის ქართული ოცნება, სადაც ISFED-ის მონაცემებსა და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის არის დიდი სხვაობა. ეს შეიძლება, ბევრი ხმით აიხსნას და პატარა პარტიების შემთხვევაში, რომელსაც 50-60-80 000 ხმა აქვს, იქ ნაკლები უზუსტობა იყოს, მაგრამ 2%-იანი სხვაობა პარალელურ დათვლაში არის ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი.

ამიტომ, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, წარმოადგინონ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც და მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელი უბნების პარალელური დათვლის შედეგად მიიღეს ის რიცხვი, რაც მათ გამოაქვეყნეს. დეტალურად გავყვეთ ყველა უბნის კონკრეტულ ოქმს და შესაბამის კონკრეტულ მონაცემს, შევადაროთ, რატომ არის ეს თუნდაც 2%-იანი უზუსტობა და ვთქვათ, საბოლოო, ერთობლივი სიმართლე, სად და რატომ არის ეს უზუსტობა.

ამის შემდეგ, საზოგადოებას ერთობლივად მივაწოდოთ დაზუსტებული და სწორი ინფორმაცია, რომ თუნდაც, ეს მცირე უზუსტობა იყოს აღმოფხვრილი და ბოლომდე გარკვეული, რატომ მოხდა პარალელური დათვლის შედეგად 2%-იანი ცდომილება”. – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნოიბისთვის, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.22% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, ეს მონაცემი 45.8%-ია. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც შედეგზე გავლენა შესაძლოა დაახლოებით 4% იყოს.