იტალიიდან ჩამოყვანილ 7 მოქალაქეს სიცხე დაუფიქსირდა, ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს- გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს იტალიიდან ქართული ავიახაზების მიერ ჩამოყვანილი 156 მოქალაქიდან 7-ს სიცხე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დანარჩენები კი კარანტინში განათავსეს.

,,თუ არ ვცდები სიცხე დაუფიქსირდა 7-ს, შეიძლება შემეშალოს პლუს-მინუს 1 ადამიანი, რომლებიც გადაიყვანილები არიან თბილისის ჰოსპიტალებში, ხოლო დანარჩენები საკარანტინო ზონებში. საკმაოდ კარგ, კომფორტულ პირობებში, სასტუმროებში”,- ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, საკარანტინო ზონად გამოცხადებულ სასტუმროებში ისინი სპეციალური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. გადამზადებულია სასტუმროს ადმინისტრაციაც.

საქართველოს 156 მოქალაქე დღეს საღამოს რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს.