იტალიური კოშმარი: ახლობლები კორონავირუსით გარდაცვლილებთან დამშვიდობებასაც ვერ ახერხებენ

მილანის ჰოსპიტალ Policlinico San Donato–ში სიკვდილთან ბრძოლა ყოველდღე, შუადღის პირველ საათზე ჩერდება. ინტენსიური განყოფილების ექიმები ამ დროს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მწოლიარე მძიმე პაციენტების ოჯახებს ურეკავენ და ინფორმაციას აწვდიან. ყველა პაციენტი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული. ექიმები ცდილობენ ახლობლებს ტყუილი იმედი არ მისცენ, რადგან იციან, რომ პაციენტების ნაწილი განწირულია.

ეს დრო ადრე მილანის საავადმყოფოში მნახველების მიღების პერიოდი იყო, თუმცა ახლა საავადმყოფოში მნახველთა მისვლა აკრძალულია. იტალელების უმრავლესობა საკუთარ სახლშია გამოკეტილი.

ვირუსის გავრცელების შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები ცარიელი არასოდეს რჩება. მოთხოვნა დიდია, რადგან COVID 19-ით დაავადებულებს

დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირთ. ყოველ ჯერზე, როცა საწოლი თავისუფლდება, ექიმები უწევთ მძიმე გადაწყვეტილების მიღება – ვინ დაიკავებს ამ ადგილს.

პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გადამწყვეტი ფაქტორებია, ისევე როგორც ის, ჰყავს თუ არა პაციენტს ოჯახი.


“უნდა გავითვალისწინოთ, ჰყავთ თუ არა ხანდაზმულ პაციენტებს ოჯახები, რომლებიც მათზე ზრუნვას შეძლებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ,რადგან მათ დახმარება დაჭირდებათ“ – ამბობს განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, მარკო რესტა.

“თუნდაც გადარჩენის შანსი არ იყოს, უნდა შეხედო პაციენტს სახეში და უთხრა “ყველაფერი კარგად იქნება. და ეს ტყუილი მთლიანად განგრევს“ –ამბობს ექიმი.

ყველაზე დამანგრეველი სამედიცინო კრიზისი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ექიმებს,პაციენტებს და მათ ოჯახებს აიძულებს მიიღონ იმდენად მძიმე გადაწყვეტილებები, რომლებიც ყოფილი სამხედრო ექიმის, რესტას თქმით ომის დროსაც კი არ გამოუცდია. ის ამბობს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით მოხვედრილ პაციენტთა 50% კვდება, მაშინ, როცა ჩვეულებრივ დროს ეს მაჩვენებელი იტალიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 12–16 %–ს შეადგენს.

იტალიელი ექიმები გვაფრთხილებენ, რომ იტალიის ჩრდილოეთი, სადაც ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება, იმ კრიზისის მომასწავებელია, რასაც კორონავირუსის ინფექცია მთელ მსოფლიოში გამოიწვევს. აფეთქებამ, რომელმაც პირველ რიგში იტალიის ჩრდილოეთ რაიონები – ლომბარდია და ვენეტო მოიცვა, სერიოზული დარტყმა მიაყენა საავადმყოფოების ადგილობრივ ქსელებს, რადგან მათი რეანიმაციების კოლოსალური დატვირთვა გამოიწვია.

არცერთ საავადმყოფოში საკმარისი ადგილებრი არ აღმოჩნდა ყველა პაციენტის მისაღებად, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდნენ.

მსგავსი დილემა მედიკოსის პროფესიაში ახალი არ არის: სუნთქვითი სირთულეების მქონე პაციენტების მკურნალობისას რეანიმაციის ექიმები ყოველთვის წინასწარ აფასებენ გამოჯანმრთელების შანსებს ინტუბაციის დაწყებამდე, ანუ პირში, ყელში და სასუნთქ გზებში მილის ჩადგმამდე.

თუმცა ბოლო კვირებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის უსწრაფესად ზრდის ფონზე ექიმებს უფრო სწრაფად და ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება და იმის არჩევა, რომელ პაციენტს აქვს უფრო მეტი გადარჩენის შანსი, რომ შესაბამისად დეფიციტური ადგილები რეანიმაციაში მათ დაუთმონ. ასეთი გადაწყვეტილებისთვის, ასეთ დრამატულ ვითარებაში ექიმების დიდი ნაწილი მორალურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო ცხოვრება კოშმარად ექცათ.

იტალიელი ექიმების თქმით სუნთქვის პრობლემა იმდენ ხანდაზმულ პაციენტს აქვს, რომ მათ არ შეუძლიათ დროის, ენერგიის და რესურსების დახარჯვა იმ პაციენტებზე, ვისაც გადარჩენის ძალიან მცირე შანსი აქვს.

ლომბარდიის რეანიმაციული განყოფილებების კოორდინატორი, გრესელი ამბობს, რომ აქამდე ყველა პაციენტს, რომელსაც გადარჩენის და ცხოვრების მისაღები ხარისხის შენარჩუნების შანსი ქონდა, მცდელობას არ აკლებდნენ:

“ადრე ზოგ ასეთ შემთხვევაში ვიტყოდით – მოდით, ვცადოთ რამდენიმე დღე, ვნახოთ, რა გამოგვივა. თუმცა ახლა ამის უფლება და საშუალება აღარ გვაქვს“– ამბობს ის.

იტალიის მოსახლეობის მასობრივი კარანტინის გამო დაავადებით გამოწვეულ ტანჯვას ემოციური სტრესიც ემატება. ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ საკუთარ ახლობლებს სასწრაფოს მანქანით გაყვნენ საავადმყოფოში, კორონავირუსის განყოფილებები კი ყველასთვის დაკეტილია ექიმებისა და პაციენტების გარდა.

ზოგიერთი პაციენტი, ვისაც ინტენსიური თერაპია არ ჭირდება თავს უბრალოდ ციხეში გამომწყვდეულ პატიმრად გრძნობს.


“წამიყვანე აქედან, სახლში მინდა მოვკვდე. მინდა კიდევ ერთხელ გნახოთ.“– მისწერა ცოლს 55 წლის სტეფანო ბოლანიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან. ცოლ–ქმარს ერთმანეთი მას შემდეგ არ უნდახავს, რაც ქალმა ქმარი საავადმყოფოში მანქანით მიიყვანა ორი კვირის წინ. ქალმა ერთადერთი ის იცის, რომ ბოლო დღეებში მისი ქმრის მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა. თუმცა ქმრისგან მიღებული მესიჯის შემდეგ აღარ იცის რა იფიქროს.

ზოგიერთი ხანდაზმული პაციენტი საავადმყოფოში წასვლაზე უარს ამბობს. ცნობილი ადგილობრივი მეღვინე, 76 წლის კარლო ბერტოლინი, რომელიც კრემონაში ცხოვრობს მისი ქალიშვილის თქმით დახმარებისთვის თავიდან არავის მიმართავდა. ის მარტო ცხოვრობდა და თავი მარტის დასაწყისში იგრძნო ცუდად. თუმცა საავამდყოფოს არ მიმართა, სანამ მისმა მეგობარმა სასწრაფო დახმარება არ გამოიჩახა. მისი ქალიშვილი ყვება, რომ ტელეფონით საუბრისას მამამ აღუწერა საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა: უამრავი პაციენტი და მუდმივი კაკაფონია: “თავი ომში მგონია“ – უთხრა მან ქალიშვილს, მარტა ბერტოლინის.

შემდეგ ის მილანის უფრო დიდი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. შვილებს მისი მონახულება მხოლოდ დამცავი ტანსაცმლით, ნიღბებით, ხელთათმანებით და სპეციალური თეთრი პალტოთი შეეძლოთ, ისიც მხოლოდ ინტენსიური განყოფილების შუშიდან დანახვა.

“გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა განყოფილებაში ყველაზე რთული იყო“ ამბობს მარტა.

ყოფილი სამხერდო ექიმი, რესტა ამბობს, რომ ლომბარდიაში შექმნილ ვითარებაში თავს უარესად გრძნობს, ვიდრე 1999 წელს კოსოვოში, სადაც საჰაერო სამაშველო ბრიგადაში მსახურობდა, რომელსაც პაციენტები ალბანეთიდან იტალიაში გადაჰყავდა.

მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როცა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი მათთან შედის, თანამშრომლები მათ ოჯახს და ახლობლებს წერილს უგზავნიან და არწმუნებენ, რომ მათ საყვარელ ადამიანებს ისე მოექცევიან, როგორც ოჯახის წევრს. ის ამბობს, რომ საავადმყოფოს უნდა ვიდეოკონფერენციის სისტემა გაააქტიუროს, რათა პაციენტმა დღეში ერთხელ ახლობლის დანახვა ვიდეოჩართვის საშუალებით მაინც შეძლოს.

ექიმი, რომელსაც პაციენტთან არაფერი აკავშირებს ხშირად ბოლო ადამიანი ხდება, რომელსაც კორონავირუსით დაავადებული მომაკვდავი პაციენტი სიკვდილის წინ ხედავს. ახლობლები გარდაცვლილსაც კი ვერ ემშვიდობებიან და კუბოებსაც კი ვერ ეკარებიან ვირუსით დაინფიცირების შიშით.

მარტა ბერტოლინის უბრალოდ ვიღაცამ დაურეკა საავადმყოფოდან და მიახალა, რომ მათთან მამამისის ცხედარი იყო. ქალი ამბობს, რომ გაბოროტებული არ არის და ექიმებზე არ ბრაზდება. ის ამბობს, რომ მამის ერთკვირიანი ტანჯვის გარდა მისთვის არანაკლებ მძიმე სანახავი იყო ექიმის სახე მასთან შეხვედრისას:

“ვერ გეტყვით, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი თუ სევდა. ერთადერთი, რისი თქმაც შეძლო იყო: “დარჩით სახლში“– ამბობს მარტა.