ჯეფრი რაშმა სასამართლოში დაამტკიცა რომ სექსუალური მოძალადე არ ყოფილა

67 წლის მსახიობმა ჯეფრი რაშმა დაამტკიცა, რომ ჟურნალისტებმა ცილი დასწამეს, როცა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ავსტრალიელმა მსახიობმა სასამართლოს გზით სტატიის ავტორს 607 ათასი დოლარი მოუგო.
2017 წელს Daily Telegraph–ის ავსტრალიურმა გამოცემამ დაწერა ინციდენტის შესახებ, რომელიც 2015 წელს თეატრალური დადგმის, “მეფე ლირის“ გადაღებებისას მოხდა. ჟურნალისტი ჯონათან მორანი წერდა, რომ ჯეფრი რაში უღირსად მოიქცა და მსახიობ ერინ ჯინ ნორვილის სექსუალური შევიწროება სცადა.
მსახიობმა ჟურნალისტს და სააგენტო Nationwide News, რომელსაც ეს ტაბლოიდი ეკუთვნის სასამართლოში უჩივლა. დაზარალებული მსახიობი ქალი ჩვენების მიცემაზე დათანხმდა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ “ის, როგორც მოწმე სრულ ნდობას არ იმსახურებდა“ . სხვა სერიოზული მტკიცებულებები კი გამოცემამ ვერ წარმოადგინა.
წელიწადნახევრიანი საქმის განხილვის შემდეგ სასამართლომ ჟურნალისტი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. “ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეს იყო უგუნური და უპასუხისმგებლო, ყველაზე ცუდი ხარისხის სენსაციონისტური ჟურნალისტიკა.“ – ციტირებს სასამართლო გადაწყვეტილებას ავსტრალიური მედია.
გასულ წელს მსახიობი კვლავ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ასეთი განცხადებით ავსტრალიელი მსახიობი იალ სტოუნი გამოვიდა. მან თქვა, რომ რაში შეეცადა ის სექსზე დაეყოლიებინა, როცა ერთად თამაშობდნენ თეატრალურ დადგმაში “შეშლილის დღიური“. ბოლო წლების განმავლობაში კინოსამყაროში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი მოხდა. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. ზოგიერითი ძალადობისთვის გაასამართლეს, ზოგი სასამართლო პროცესი კი ჯერ კიდევ გრძელდება.