ხელის ანტისეპტიკი Сhanel №5–ის ნაცვლად,ნიღბები Yves Saint Laurent–სგან. უმსხვილესი მოდური ბრენდები ჯანდაცვის სფეროს ეხმარებიან

იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ექიმები ნამდვილ ომს აწარმოებენ უხილავ მტერთან, თანაც ხანდახან პირდაპირი გაგებით შიშველი ხელებით.

პრაქტიკულად ყველა ფრანგულ აფთიაქზე გამოკრულია წარწერები: არ გვაქვს ნიღბები, არ გვაქვს ხელთათმანები, არ გვაქვს ხელის გელი. იტალიაში კი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელიც მანამდე ინტერვიუში ამბობდა, რომ ექიმებს დამცავი ხელთათმანებიც კი არ აქვთ.

ამ პირობებში ექიმების დახმარებას უმსხვილესი მოდური ბრენდები ცდილობენ, რომლებმაც სამოსის და პარფიუმის ნაცვლად ხელის ანტისეპტიკების და ნიღბების წარმოება დაიწყეს.

ხელის გელი Сhanel №5–ის ნაცვლად.

გასულ კვირას ფრანგულმა კონცერნმა LVMH ხელის მადეზინფიცირებელი გელის წარმოება დაიწყო. მათ იმ სამ ქარხანაში უშვებენ, სადაც როგორც წესი Christian Dior–ის, Guerlain–ის და Givenchy–ის სუნამოების წარმოება ხდება.

პირველ კვირას კონცერნმა 12 ტონა გელი გამოუშვა, რომელიც უფასოდ გადაეცემა ფრანგულ საავადმყოფოებს. წარმოების მოცულობა თანდათანობით გაიზრდება.

 

ნიღბები Yves Saint Laurent–ის გან

ორშაბათს კომპანია Kering-მა განაცხადა, რომ მზად არის მისი მოდის სახლების, Balenciaga–ს და Yves Saint Laurent–ის კუთვნილ ფრანგულ ქარხნებში დამცავი ნიღბების წარმოება დაიწყოს. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში კორპორაცია ჩინეთში 3 მილიონ სამედიცინო ნიღაბს შეისყიდის და მათ ფრანგულ საავადმყოფოებს გადასცემს.

კომპანიამ ფინანსური დახმარება აღმოუჩინა პასტერის ინსტიტუტს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.
მანამდე მოდის სახლ Gucci–ს მფლობელმა კორპორაციამ იტალიური საავადმყოფოებისთვის მილიონი სამედიცინო ნიღაბი, 55 ერთეული სპეცტანსაცმელი იყიდა.

კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება კიდევ ერთი მოდური გიგანტი Inditex. Zara-ს, Massimo Dutti –ს და Bershka–ს მაღაზიათა ქსელების მფლობელი კორპორაცია ექიმებს დახმარებას სთავაზობს. კონცერნმა საკუთარი სიმძლავრეების ნაწილი სპეცტანსაცმლის და ნიღბების წარმოებაზე გადაიყვანა, ასევე ესპანეთის მთავრობას განკარგულებაში გადასცა საკუთარი ლოჯისტიკური ქსელები, რათა მათთვის სამდიცინო პროდუქტების შეძენა უფრო ადვილი გახდეს.

ცნობილმა დიზაინერებმა, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ თანხები გადარიცხეს კერძო სამედიცინო ინსტიტუტში, მილანში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. თანხა არ კონკრეტდება. მათ იმედი აქვთ, რომ წვლილს შეიტანენ გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1.25 მილიონი ევრო შესწირა ვირუსის კვლევას ჯორჯო არმანიმ.

კიდევ ერთი იტალიური ბრენდი, Prada მილანის საავამდყოფოებს სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაში დაეხმარა. კომპანიის მენეჯერებმა თანხები გადარიცხეს სამ საავადმყოფოში ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაქმნელად. გარდა ამისა, გასულ კვირას ბრენდმა 80 000 სამედიცინო ფორმის და 110 ათასი ნიღბის წარმოება დაიწყო.