კორნავირუსი ახალგაზრდებისთვისაც არანაკლებ საშიშია

იმ დროს, როცა ადამიანები მთელ მსოფლიოში კარანტინში თვითიზოლაციაში არიან, მთვრალი სტუდენტები ფლორიდაში, მაიამის სანაპიროზე დროსტარებას აწყობენ. პოლიციას ახალგაზრდების დროსტარების და წვეულებების შეწყვეტა ზოგჯერ ძალის გამოყენებით უწევს.
ახალგაზრდები ძირითადად ფიქრობენ, რომ ვირუსი მათ არ შეეხება, თუმცა ასე არ არის.

“თუ კორონავირუსი ამეკიდება, ესეიგი ასე იყო საჭირო. ამას არ მივცემ უფლებას ცხოვრებით ტკბობაში ხელი შემიშალოს“ – თქვა ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებს მოედო და მომხმარებლები აღაშფოთა.

აშშ–ში ბევრი სვამს კითხვას, საკმარისად გასაგებად უხსნიან თუ არა მედიკოსები ახალგაზრდებს ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.
ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული ადრეული შემთხვევები მეტყველებს, რომ ვირუსი არანაკლებ საშიშია ახალგაზრდებისთვისაც.

ახალი მონაცემები

ამჟამად არასაკმარისი ტესტირება ტარდება იმის ზუსტად სათქმელად, ვინ არის უფრო მიდრეკილი დაინფიცირებისკენ და როგორია ვირუსის გადაცემის მექანიზმები.

აქამდე მედიკოსები ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით მიახლოებით პროგნოზებს აკეთებდნენ, და ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა პაციენტები უმცირესობაში იქნებოდნენ.

თუმცა აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ თანაფარდობა შესაძლოა სრულიად სხვაგვარი იყოს.

ანგარიშის ავტორებმა კორონავირუსის 2500 დადასტურებული შემთხვევა განიხილეს და აღნიშნეს, რომ დაავადებულთა 20% 20–44 წლის ადამიანები არიან, 38% კი 20–54 წლის.

მათი მონაცემებით 20–30 წლის ადამიანები არცთუ ბევრად იშვიათად ხვდებიან საავადმყოფოებში, ვიდრე 50–60 წლისები.


ამასთან, მართლაც უდაოა ის, რომ Covid19–ისგან გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანდაზმულია. სასიკვდილო შემთხვევების 14.8 % მსოფლიოში 85 წელს გადაცილებული პაციენტებზე მოდის და მხოლოდ 0.2% ისეთებზე, ვისაც ჯერ 40 წელი არ შესრულებია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ორგანიზმს ვირუსი არ შეეყრება ან დაავადებას უფრო მარტივი ფორმით გადაიტანს.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ახალგაზრდა პაციენტების მცირე ნაწილი აღმოჩნდა ინტენსიურ თერაპიაში და როგორც წესი, მათან დაავადება უფრო მსუბუქი ფორმით გვხვდება. თუმცა, ისინი მაინც ზრდიან დატვირთვას და ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე.

გასულ კვირას იტალიაში გამოქვეყნებული მონაცემებით დაავადებულთა 12%, რომლებიც რეანიმაციაში შეიყვანეს, 19–დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. საფრანგეთის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდების დაინფიცირების შემთხვევები იზრდება.

ზოგიერთი ექსპერტი ამასთან მოგვიწოდებს თავშეკავებით მოვეკიდოთ ახალ მონაცემებს.

ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი, მარკ ლიპსიტცი ამბობს, რომ გაკვირვებულია აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ამგვარი ანგარიშის გამოქვეყნებით.

ტესტირება აშშ–სა და სხვა ბევრ ქვეყანაში მხოლოდ სამ კონკრეტულ ჯგუფში ტარდებოდა: ეპიდემიის ზონიდან დაბრუნებულ ადამიანებში, მათში, ვინც დადასტურებულ დიაგნოზიანს ეკონტაქტებოდა და მათში, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ქონდა.

სამივე კატეგორიის მონაცემები სხვადასხვა მეთოდებით გროვდებოდა და ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთება არასწორია, რადგან არ არსებობს სრული სურათი.

პროფესორი თვლის, რომ ახალგაზრდებში დაავადება მთლიანობაში მაინც მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ახალგაზრდებშიც იყოს გართულებული შემთხვევები. ამიტომაც მისი აზრით ამ შემთხვევაში დაუშვებელია “ჯგუფური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგია. ახალგაზრდობა ძალიან მრავალრიცხოვანი ჯგუფია და მძიმედ დაავადებული მათი თუნდაც მცირე პროცენტი აბსოლუტურ ციფრებში ძალიან ბევრია.

იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბავშვები კორონავირუსით საავადმყოფოებში თითქმის არ ხვდებიან. გამონაკლისის გარეშე, ყველა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 19 წელს ქვევით მოსახლეობა ახალი კორონავირუსით თითქმის არ ავადდება. რატომ ხდება ეს, მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან.