კორონავირუსის ახალი ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსის ეპიცენტრად ჩინეთის ნაცვლად ევროპა გამოაცხადა, ახლა უკვე ამ ეპიცენტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადანაცვლებას პროგნოზირებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამის მიზეზი  აშშ–ში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატებაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაფიქსირეული ახალი შემთხვევების 85 პროცენტი ევროპიდან და ამერიკიდანაა შესული. მათგან კი 40 პროცენტი ამერიკაზე მოდის, განაცხადა ჯამოს წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამერიკა ახალ ეპიცენტრად იქცეს, ჰარისმა თქვა, რომ “შეერთბულ შტატებში ვხედავთ შემთხვევების ძალიან სწრაფ მატებას. ასე რომ, ეს პოტენციალი არსებობს. მათ დაავადების დიდი აფეთქება აქვთ და ამ აფეთქების ინტენსივობა იზრდება.”

ამ დროისთვის აშშ–ში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს მიაღწია. გარდაცვლილია 622 ადამიანი. ჯამში კი მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცვმა ამ დროისთვის 400 000–ს გადააჭარბა.