ლუგარის ლაბორატორიის მონაცემებით14 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიის კვლევით 14 პაციენტს, რომლის პასუხებიც უკვე არსებობს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.მორიგი პასუხები ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი

უკვე დაინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კარანტინს 100-ზე მეტი ადამიანი გადის. თბილისში 3 საკარანტინო ზონაა – მათ შორის ინფექციური საავადმყოფო, სადაც ამ ეტაპზე 24 ადამიანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. დამატებით 70-მდე ადგილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იზოლირებულ განყოფილებებში აქ ჯერჯერობით 14 პაციენტია.

33 ადამიანი კლინიკა “ვივა მედში” რჩება. დანარჩენები აბასთუმნისა და საჩხერის საკარანტინო ზონებში არიან გადანაწილებულები. ისინი მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

განსაკუთრებული კონტროლი აეროპორტებში უკვე თითქმის 3 კვირაა მოქმედებს. ამ ეტაპზე პირდაპირი რეისები ქვეყანას ჩინეთთან და ირანთან აქვს შეჩერებული.

მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მინიმალური ეჭვები არსებობს, აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.