რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ
განვითარებულ ქვეყნებში წითელას დაავადება საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს. თუმცა 2018 წელს წითელას შემთხვევებმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპის მაშტაბით წითელას გავრცელების მხრივ საქართველო ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა. წითელა სერიოზულ დაავადებად საქართველოში არასოდეს  ითლვებოდა, თუმცა ბოლო ერთ თვეში წითელას ეპიდემიაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ და საზოგადოება გარკვეულწილად პანიკამაც მოიცვა.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ქვეყანაში 20–დან 40 წლის ასაკამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანი აუცრელია. ასეთ შემთხვევაში კი წითელა სულაც არ არის სახუმარო დაავადება. ქვეყანაში ამ დრომდე სავალდებულო ვაქცინაცია არ არსებობდა, თუმცა დაავადების გავრცელების მაშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა წითელას აცრა საქართველოში სავალდებულო გახდეს.
დაავადების მასობრივი გავრცელების დროს ბევრი მითი, რეალური თუ არარეალური ინფორმაცია ვრცელდება. მოკლედ გთავაზობთ ინფორმაციას, რაც წითელას შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. წითელა ვირუსული ინფექციაა, რომლისთვისაც ძალიან მაღალი მგრძნობებლობაა დამახასიათებელი. თუ ადამიას ეს დაავადება არ გადაუტანია და არც აცრილია მის წინააღმდეგ, დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირების საფრთხე 100 % ია. წითელას ვირუსი ძალიან მაღალი გავრცელები ს უნარით გამოირჩევა. ის შეიძლება სავენტილაციო მილებით და ლიფტის შახტებითაც კი გავრცელდეს და შენობის სხვადასხვა სართულებზე მცხოვრები ადამიანები დააავადოს. წითელათი დაავადებულთან კონტაქტსა და პირველი სიმპტომების გამოჩენას შორის პერიოდი 7 დან 14 დღემდეა.

2. დაავადება გამოკვეთილი თავის ტკივილით, სისუსტით, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებით იწყება . მოგვიანებით ჩნდება სურდოს ნიშები, ხველა და მადის პრაქტიულად სრული დაქვეითება. წითელასთვის დამახასიათებელია კონიუქტივიტის გაჩენა – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რაც თვალის მკვეთრ ჩაწითლებას იწვევს, შემდეგ კი გამონადენს. ეს სიმპტომები 2 დან 4 დღემდე გრძელდება. მეოთხე დღეს ჩნდება გამონაყარი, რომელსაც წითელი წვრილი სხვადასხვა ზომის წერტილების ფორმა აქვს 1 დან 3 მილიმეტრამდე დიამეტრით. გამონაყარი ჩნდება სახეზე და თავზე, ყურების უკან და რამდენიმე დღეში მთელ სხეულზე ვრცელდება. წითელასთვის დამახასიათებელია დაავადების შემდეგ პიგმენტაციის დატოვება – მუქი ლაქები რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ კი იმავე თანმიმდრევრობით ქრება, რა თანმიმდევრობითაც გამონაყარი გაჩნდა.

3. წითელას საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს. დაავადება ადვილად გადამდებია. ერთადერთი რეალური დაცვა მისგან აცრაა, რაც ვირუსისგან დაცვის ალბათობას მაქსიმალურად ზრდის, თუმცა განგაშის საფუძველი მაინც არსებობს. წითელას გავრცელება ე.წ. “აუცრელებისგან “ იწყება. სამწუხაროდ, ამჟამად აცრებზე უარის თქმა საკმაოდ მოდური ტენდენციაა. თუმცა ვაქცინაციას ბევრი მშობელი შვილებს დროულად, კალენდრის მიხედვით უტარებს.

4. წითელა ძალიან ადვილად გადაედება და წითელათი დაავადების შანსი აუცრელი ადამიანის დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში 100% ია, თუ ადრე ეს დაავადება არ “მოუხდია“. დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ მის მიმართ იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. პირველი აცრის შემდეგ კი შეიძლება დროთა განმავლობაში აცრის ეფექტი შესუსტდეს. ამიტომ ბავშვებს ორჯერ ცრიან – 6 თვის ასაკში და შემდეგ 6 წლის ასაკში.

5. წითელას აცრის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. თუმცა უფროსებმა ამის შესახებ ნაკლებად იციან და თვლიან, რომ აცრა მხოლოდ ბავშვებისთვის არის. აქამდე ზრდასრულები წითელას აცრას ნაკლებად იკეთებდნენ, თუმცა ექიმები უკვე ცალსახად გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია ზრდასრული ადამიანისთვისაც აუცილებელია, თუ მას ბავშვობაში წითელა არასოდეს გადაუტანია, აცრა ბავშვობაში არ გაუკეთებია ან მხოლოდ ერთხელ გაიკეთა. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, აღარ გადადოთ.



6. სერიოზული პრობლემაა ის, რომ წითელათი დაავადებული ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი იმაზე რამდენიმე დღით ადრე ხდება, ვიდრე წითელას სიმპტომები ღიად გამოაჩნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია წითელას რაც შეიძლება ადრე დიაგნოსტირება. ყველაზე ხშირად ინფექცია გაციების მსგავსი სიმპტომებით იწყება და მხოლოდ 4–5 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი. ბუნებრივია, ზამთარში გრიპის სეზონზე დაავადების საწყის ეტაპზე წითელაზე ნაკლებად ფიქრობენ და ამიტომაც ამ დღეებში დაავადებული შესაძლოა ვირუსის გამავრცელებელი იყოს. ამიტომაც ბავშვს თუ გაციების სიმპტომები შენიშნეთ, თვითმკურნალობის ნაცვლად მაშინვე ექიმს მიმართეთ. გამოცდილ ექიმს წითელას განსაზღვრა საწყის ეტაპზევე შეუძლია.

7. წითელას ინფექცია იმდენად ადვილად გადამდებია, რომ ავტობუსში ერთი დაავადებულის ყოფნამ შეიძლება მგზავრების უმრავლესობა დააავადოს, თუ ისინი აუცრელები არიან. იმ შემთხვევაში თუ აცრილთა რიცხვი დიდია, ვირუსის გავრცელება სწრაფად ვეღარ ხდება. ჩვეულებრივ გარემოში ვირუსი აქტიურობას 2 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ამ ხნის მანძილზე მსხვერპლი ვერ ნახა, უსაფრთხო ხდება. თუმცა აუცრელები თვითონაც დაავადდებიან და სხვებსაც გადასდებენ დაავადებას. რაც მეტია აუცრელი, მით მეტია ინფექციის მაშტაბები. ამაშია კოლექტიური იმუნიტეტის არსი, იმ საზოგადოებებში, სადაც აუცრელთა რიცხვი მცირეა, წითელას ინფექცია მალევე მინელდება ხოლმე და ეპიდემიად არ იქცევა.

8. არ არის გამორიცხული წითელა აცრის მიუხედავად მაინც დაგემართოთ, თუმცა ბევრად უფრო ადვილად ჩაივლის. შესაძლოა უსიმპტომოდაც კი.

9. დაინფიცირებული ადამიანი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ოთხი დღით ადრე, და გადამდებია გამონაყრის გაჩენიდან კიდევ ოთხი დღე. ამის შემდეგ ვირუსის გამოყოფას წყვეტს.

10. წითელას სერიოზულ პრობლემად განვითარებულ საზოგადოებებში თითქოს არ აღიქვამენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ის მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად რჩება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად წითელასგან 130 ათაზე მეტი ადამიანი იღუპება. აქედან უმრავლესობა იმ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაა, სადაც აცრების ორგანიზება დაბალ დონეზეა. ეს რიცხვი მცირე არ არის, თუმცა თუ გავიხსენებთ 1970 – იან წლებს, როცა აცრები მასობრივად არ ტარდებოდა, ყოველწლიურად წითელას მსხვერპლი მსოფლიოში 2.6 მილიონი ადამიანი ხდებოდა. სხვაობა მართლაც დიდია.

11. ყველაზე ხშირად წითელასგან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. ინფექცია მძიმედ უფრო ხშირად იმ ბავშვებში ვითარდება, რომლებიც ცუდად იკვებებიან. ვიტამინი A ს ნაკლებობა ამ შემთხვევაში კრიტიკულია. მისი დეფიციტისას ღარიბ ქვეყნებში წითელათი დაავადებულთა თითქმის 10% იღუპება.

12. გართულებების მაღალი რისკია ორსულებში. წითელამ შესაძლოა მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. წითელას ყველაზე გართულებული შემთხვევა ენცეფალიტი ( ტვინის ანთება) და პნევმონიაა (ფილტვების ანთება). მათ შეიძლება სუნთქვის მძიმე უკმარისობა გამოიწვიონ, რასაც რეანიმაციული მკურნალობა ჭირდება.
Print
Video ad
ბოლო სიახლეები