რა საფრთხეს გვიქმნის ვერცხლის წყალი
ვერცხლის წყალი გარემოში


ვერცხლისწყალი ბუნებრივი ელემენტია, რომელიც ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გვხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვერცხლისწყალს განიხილავს იმ ქიმიურ ნივთიერებათა ათეულში, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ადამიანის დაავადებისა და ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლენის თვალსაზრისით, ვერცხლისწყალს ფართო სპექტრი გააჩნია და დამოკიდებულია, თუ რა ფორმით (ვერცხლისწყლის ორთქლი, არაორგანული ან ორგანული ნაერთები), რა გზითა და რა დოზით მოხვდება ორგანიზმში.

ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები არაერთ მოწყობილობაში გამოიყენება. მათ შორის, თერმომეტრებში, ბარომეტრებში და მანომეტრებში, ლუმინესცენციურ ნათურებში აკუმულატორებსა და ელემენტებში. ცხადია, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქციის გამოყენებისას ზემოქმედების საშიშროება არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მათ სათანადოდ გამოვიყენებთ და სწორად განვკარგავთ. აღნიშნული ნივთები წარმოადგენენ გარემოში ტოქსიკური ვერცხლისწყლის მოხვედრის პოტენციურ წყაროს და საფრთხე წარმოიქმნება მათი დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში. ნათურის დაზიანებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოწამვლა. აუცილებელია, ვერცხლისწყლის შემცველ ნივთებთან დიდი ყურადღებით მოპყრობა, რათა არ მოხდეს გატეხვა/დაზიანება და ვერცხლისწყლის დაღვრა.

საფრთხეები

ვერცხლისწყალი და მეთილის ვერცხლისწყალი ტოქსიკურად მომწამლავია, მისი შესუნთქვა მავნე ზეგავლენას ახდენს ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და იმუნურ სისტემაზე, ფილტვებსა და თირკმელებზე და შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. ვერცხლისწყლის მოწამვლის სიმპტომებია ასევე უძილობა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილი და მოტორული დისფუნქცია. განსაკუთრებით მომწამლავია ვერცხლისწყლის ორთქლი. ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი მუდმივად ორთქლდება ანუ ეს გულისხმობს იმას რომ ოთახის ტემპერატურა სრულიად საკმარისია ვერცხლისწყლის ასაორთქლებლად. ინტენსიურად აორთქლება ხდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია.ვერცხლისწყლით ქრონიკული მოწამვლა იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას და ხელების, ენის, ქუთუთოების, ფეხებისა და მთელი სხეულის კანკალით, არასტაბილური პულსით, გულის ფრიალით, მოუსვენრობითა და ფსიქიკური დარღვევებით ვლინდება, ასევე ვითარდება აპათია, ემოციური არასტაბილურობა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა. ვერცხლისწყლის ორთქლის შესუნთქვას თან ერთვის მწვავე ბრონქიტის და პნევმონიის სიმპტომები.

დაავადება მინამატა

1908 წელს, იაპონიის ქალაქ მინამატაში კომპანია „ჩისოს“ ქიმიური ქარხანა აშენდა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მინერალურ სასუქებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში კომპანია გაფართოვდა და ახალი, მათ შორის აცეტილენის, აცეტალდეჰიდის, ძმარმჟავისა და ქლორეთილენის წარმოებები დაემატა. წარმოების ნარჩენების ჩაშვება პირდაპირ მინამატას ყურეში ხდებოდა. აცეტალდეჰიდის წარმოებაში რეაქციის დასაჩქარებლად ანუ კატალიზატორად ვერცხლისწყლის სულფატი გამოიყენებოდა. რეაქციების შედეგად მცირე რაოდენობის მეთილის ვერცხლისწყალი წარმოიქმნებოდა, რომელიც წარმოების დაწყებიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მინამატას ყურეში ჩედინებოდა. შედეგად ჯერ მოიწამლა წყალი შემდეგ წყალმცენარეები და შემდეგ უკვე თევზიც. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ქალაქ მინამატას მოსახლეობა თავს მეთევზეობით ირჩენდა.



1956 წლის 21 აპრილს ქალაქ მინამატას საბავშვო კლინიკაში პატარა გოგონა მიიყვანეს რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობის ნიშნები ჰქონდა. ექიმებს საკმაოდ გაუჭირდათ დიაგნოზის დადგენა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამავე კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდა პატარა გოგონას დაც.

დაავადების ძირითადი სიმპტომები იყო მოძრაობის კორდინაციის დარღვევა, მხედველობის სმენის და მგრძნობელობის დაქვეითება. უმრავლესობა კი ფსიქიურ აშლილობას განიცდიდა. 






დროთა განმავლობაში ზემოთ ხსენებული სიმპტომები მოსახლეობის უმრავლესობას აღენიშნებოდა. თანდათან გამოვლინდა ცხოველების უცნაური ქცევის მაგალითებიც: კატები კრუნჩხვებში ვარდებოდნენ და შემდეგ იხოცებოდნენ. რასაც „კატების ცეკვის ავადმტოფობა“უწოდეს. ციდან მკვდარი ფრინველები ცვიოდა, გაქრა წყალმცენარეები და განადგურდა თევზიც.

დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მინამატათი ძირითადად მეთევზეები და მათი ოჯახის წევრები ავადდებოდნენ და ასევე ის ხალხი ვინც საკვებად მუდმივად თევზსა და ზღვის პროდუქტებს მოიხმარდა.
1958 წელს აღმოაჩინეს რომ დაავადების გამომწვევი „ორგანული მერკური“ ანუ მეთილმერკურქლორიდი იყო.
ეს სწორედ ის ნივთიერება იყო რომელსაც ჩისოს კომპანია ნარჩენების სახით ყურეში ღვრიდა.


"მინამატას" კონვენცია

მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენული გაფრქვევებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვერცხლისწყლით მოწამვლა.

კონვენციის ტექსტი შეთანხმდა შვეიცარიაში 2013 წლის 13 იანვარს, ქალაქ ჟენევაში,ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა 2013 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ მინამატაში. 10 ოქტომბერს, იაპონიაში 100-მდე ქვეყნის მთავრობებთან ერთად საქართველომ ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას ,,ვერცხლისწყლის შესახებ“.
საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას, თუმცა, მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია



როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში?

პირველ რიგში თერმომეტრი როდესაც ტყდება და ოთახის სხვადასხვა კუთხეებში მიმოიბნევა ოთახის ფანჯრები უნდა გავაღოთ რადგან ვერცხლისწყალი ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად ორთქლდება და მისი შესუნთქვა საზიანოა. არავითარ შემთხვევაში ცოცხით არ ვაგროვებთ დაღვრილ ვერცხლისწყალს რადგან  ის კიდევ მრავალ წვრილ ბურთულად დანაწილდება და შეგროვებას უფრო გაართულებს, არ  გამოიყენებთ მტვერსასრუტი - იქიდან გამომავალი თბილი ჰაერი თხევადი მეტალის აორთქლებას აჩქარებს. ვაგროვებთ მუყაოს ან ფოლგის ფუ­რცლით რომელსაც აქანდაზად ვიყენებთ. მოგროვებულ ვერცხლისწყალს მინის ქილაში ან  კონტეინერში ვათავსებთ და ვასხამთ მას ზემოდან ცივ წყალს რათა არ აორთქლდეს. არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ ქილა, სადაც ვერცხლისწყალი მოაგროვეთ. ნაგავში გადაგდების შემთხვევაში ის ისევ გარემოში იღვრება ან ორთქლდება. 

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში

დღეს ხელმისაწვდომია მრავალი ალტერნატიული პროდუქტი, როგორებიცაა მაგალითად, ციფრული და ელექტრონული თერმომეტრები. ვერცხლისწყლის თერმომეტრების ელექტრონულით შეცვლის თაობაზე რეკომენდაცია ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ (AAP) ჯერ კიდევ 2001 წელს გასცა. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად მოვახდინოთ ვერცხლისწყლის შემცველი ნარჩენების განთავსება, რათა ავიცილოთ ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება. ვერცხლისწყალი, როგორც სახიფათო ნარჩენი უნდა შეგროვდეს და შემდგომი მართვის მიზნით გადაეცეს შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიას.საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას, თუმცა, მისი რატიფიცირება ჯერჯერობით არ მოუხდენია
Print
ბოლო სიახლეები