მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებად უნდა შეფასდეს.

მისი თქმით, ამ კომპრომისით ყველა პირობა შეიქმნა მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

,,მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია”,- წერს ,,ფეისბუქ” გვერდზე ზურაბიშვილი.

დღეს ,,ქართული ოცნება” და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე, მათ გააფორმეს მემორანდუმი მართლსაჯულების საკითხზე, რომლითაც, ოპიზიციის განცხადებით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

ოპოზიცია ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას შეიწყალებს. ეს გაფორმებულ მემორანდუმშიც წერია: ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.