რატომ არ წყალობს მოდის ინდუსტრია ტანსრულ მოდელებს
სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდს ცნობილი ბრენდები არ ემორჩილებიან.


წლებია ბევრი დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოდის სფეროში მკაცრი სტანდარტების დაცვა დისკრიმინაციულია და მეტისმეტად გამხდარი მოდელები და მათი წონის მკაცრი კონტროლი დამთრგუნველია როგორც თავად მოდელებისთვის, ასევე მოდის ინდუსტრიის მომხმარებელი ქალბატონებისთვის. ამ თვალსაზრისით გარკვეული გარღვევა მოხდა, თუმცა დიზაინერები ჯერ აშკარად არ არიან მზად პოდიუმები ჭარბწონიან, ან თუნდაც ოდნავ არასტანდარტული ფორმების მოდელებს დაუთმონ.







2 203 მოდელიდან, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციების 76  ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა მხოლოდ 49 მოდელია ე.წ. plus size კატეგორიიდან. ესეც დიდი გარღვევაა წინა სეზონთან შედარებით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: დიზაინერები თავიანთი კოლექციების პრეზენტაციისთვის ძირითადად იმ გოგონებს ირჩევენ, რომელთა პარამეტრებს  არაფერი აქვთ საერთო რეალურ ცხოვრებასთან. პოდიუმებზე იშვიათად თუ ნახავთ სამოსს, რომლის ზომა S–ს აღემატება.





“ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ: დროა ბრენდებმა ვარდისფერი სათვალეები მოიხსნან“ – ამბობს რობინ ლოვლი

რობინ ლოვლი ცოტა ხნის წინ გამოვიდა Victoria’s Secret –ის ბოიკოტირების მოწოდებით იმის გამო, რომ ეს ბრენდი სავსე ფორმების მქონე მოდელებს ჩვენებებზე არ იწვევს. ლოლი პირველი plus size მოდელი გახდა, რომელიც ავსტრალიური Vogue –ს გარეკანზე გამოჩნდა.  თავის კოლეგებთან, ტარა ლინთან და კენდის ჰაფინთან: ერთად კი  Vogue Italia –ს გარეკანზე. 





ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ  ქალის საცვლების ჩვენებაში We Are All Angels, რომელიც Victoria’s Secret –ის შოუს ანალოგია, თუმცა ყველა ზომის და აღნაგობის ქალებთან თანამშრომლობს.  

“კარგი იქნებოდა, VS –ს 10 ზომა ტანსაცმლის მატარებელი მოდელი მიეწვია, მაგრამ როგორც ჩანს მათ არ ადარდებთ სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდი . სასიამოვნოდ გამაკვირვა ნიუ იორკის მოდის კვირეულმა. აი, სად იყო ნამდვილი მრავალფეროვნება და ყველა ტიპის მოდელი“ – ამბობს ლოლი.


თვითონ ტერმინი plus size ბევრ შეკითხვას იწვევს. დიდ ბრიტანეთში საშუალოსტატისტიკური ქალის ტანსაცმლის ზომაა 14 UK,  აშშ–ში  18 UK. თუმცა მოდის ინდუსტრიაში ნებისმიერი გოგონა, რომელიც 10 ზომაზე მეტ სამოსს ატარებს უკვე  plus size–ად ითვლება.

“არ მგონია კორექტული იყოს ამ ტერმინის გამოყენება ბრიტანული 12 ზომის მატარებლების მიმართ“ – ამბობს ანა შილინგლოუ – წარსულში მოდელი და მგვიანებით ლონდონური სააგენტო Milk – ის დამფუძნებელი. 


ანა შილინგლოუ ამჯობინებს ტერმინი “სავსე ფორმების მქონე მოდელები“ გამოიყენონ იმ მოდელების მიმართ, ვინც 12–დან 18 ზომამდე სამოსს ატარებს. მისი აზრით ტერმინი Plus size მხოლდ 18 ზომის ზევით შეიძლება გამოიყენონ. Milk ერთ–ერთი პირველი სამოდელო სააგენტო იყო ლონდონში, რომელსაც სრულიად გასხვავებული პარამეტრების მოდელები ჰყავდა. მათ შორის არის ტეს მაკმილანი, რომელიც ბრიტანულმა Vogue–მ სექტემბრის ნომრის გარეკანისთვის გადაიღო. შილინგლოუც მრავალფეროვნების მაგალითად ნიუ იორკის მოდის კვირეულს ასახელებს. მისი თქმით მოდის დანარჩენ მსოფლიო დედაქალაქებს ამ მხრივ სატრაბახო არაფერი აქვთ.

მართლაც, ლონდონის, მილანის და პარიზის პოდიუმებზე ტანსრული მოდელის ნახვა ძალიან იშვიათად თუ შეიძლება. ლონდონის მოდის კვირეულზე მხოლოდ ერთი plus size მოდელი – რეიაზა ფლაუერსი გამოჩნდა, რომელმაც ფეხსაცმლის ბრენდის Nicholas Kirkwood– ის კოლექციის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. იგივე შეიძლება ითქვას პარიზზეც.  Alexander McQueen   ის კოლექციის ჩვენებისას ჯილ კორტლივი გამოჩნდა პოდიუმზე. მილანის მოდის კვირეულში კი სამი არასტანდარტული მოდელი – ეშლი გრემი, ლედი კიტი სპენსერი და ლორი ჰარვი მონაწილეობდა. სამივე მათგანმა Dolce&Gabanna –ს კოლექცია წარმოადგინა.



Dolce & Gabbana; Alexander McQueen 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება

 

“ყოველ წელს ვაგზავნით ჩვენს კატალოგს plus size მოდელებით, ვიღებთ დადებით გამოხმაურებებს კასტინგის დირექტორებსგან, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის. ასე გრძელდება წლიდან წლამდე. არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ როგორც ჩანს მათ ასეთი ტიპაჟები არ აინტერესებთ. ლონდონი მოდის ერთ–ერთ მთავარ დედაქალაქად ითვლება, მაგრამ აქ ძველებურად ცოცხალია სტერეოტიპები ქალის სხეულის სილამაზის შესახებ“– ამბობს შილინგლოუ.
ქალის ქვედა საცვლების მწარმოებელ ბრენდებს სავარაუდოდ მაინც მოუწევთ მოდელების შერჩევის პოლიტიკას გადახედონ, სუფთა ეკონომიკური მიზეზების გამო. ამჟამად ქალის plus size სეგმენტი აშშ–ში ტანსაცმლის ყველაზე განვითარებადი ბაზარია. სპეციალისტების შეფასებით 2020 წლისთვის მისი მოცულობა 26 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ზოგიერთმა რითეილერმა უკვე დაიწყო სწორედ ამ სეგმენტში ინვესტირება. მაგალითად, Walmart –ის ქსელმა Eloquii –ს ბრენდი შეისყიდა, რომლის ზომები 14–დან იწყება. Old Navy –მ დაიწყო კამპანია «Size YES!»,  და ახლა უკვე მათი  plus size კოლექციის ყიდვა არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ჩვეულებრივ ქსელურ მაღაზიებშიც შეიძლება. 2018 წლის შემოდგომა ზამთრის სეზონზე J Crew–მ ბოლო ბოლო სტანდარტული ზომების ხაზი გააფართოვა, Nordstrom –მა კი ამერიკის 30 ზე მეტ მაღაზიაში 14 ზომის ტანსაცმელი დაამატა და მაღაზიები შესაბამისი მანეკენებითაც მოამარაგა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ონლაინ მაღაზიებმა, მაგალითად Amazon–მა, Asos–მა  და Mango–მ უკვე შექმნეს თავისი  plus size ხაზები.



“მაღალი ლიგის მოთამაშეებთან დაკავშირებით“ საქმე უფრო რთულად არის. დიზაინერებს არ უნდათ ჩვენებებზე პუტკუნა მოდელები მიიწვიონ, რადგან როგორც ამბობენ, მათთვის სპეციალური თარგების მომზადება სჭირდებათ, რაც დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ პრობლემას შეეჯახა Sies Marjan –ის ბრენდის დიზაინერი სანდერ ლაკი, რომელიც რეგულარულად იწვევს მოდელებად მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ის ამბობს, რომ თუ სტანდარტულ ზომას დიდი, ან პატარა ზომით შეცვლი, ფაქტიურად მოდელის ხელახლა გამოჭრა გიწევს. დიდი მოცულობის სამუშაოს და შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით კი ახალგაზრდა ბრენდებისთვის პოდიუმისთვის სხვადასხვა ზომის და ფიგურის ფორმის გათვალისწინებით მოდელების შექმნა მეტისმეტად სარისკო და დანახარჯიანია. “მთელი ინდუსტრია გარკვეულ სტანდარტზეა აწყობილი და აქედან ამოვარდნა ძნელია. მაგალითად, plus size ტანისამოსს ჟურნალების ფოტოსესიებისთვის  ვერ გამოიყენებთ“ – ამბობს დიზაინერი.

თუ ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერების შიშები გასაგებია, მსხვილი ბრენდების საქციელი, რომელთაც პოდიუმისთვის განსხვავებული მოდელების შესაქმნელად ყველა რესურსი აქვთ, ბევრ კითხვას იწვევს. ამ წლის დასაწყისში  Gucci  –ს გაყიდვები 49 % ით გაიზარდა, Saint Laurent –ის   19,7% – ით,  Chanel – ის  11%–ით.

დიდი ზომის ტანსაცმელზე მოთხოვნა ლუქს სეგმენტში მაღალია. ამის მაგალითია ონლაინ მაღაზია 11 Honoré– ის წარმატება, რომელიც Christian Siriano, Prabal Gurung, Derek Lam ,  Mary Katrantzou მსგავს ბრენდებს წარმოადგენს, რომელთა ზომები 10–დან 20 მდეა.

მოკლედ, თუ რასობრივი და გენდერული ინკლუზიურობის თვალსაზრისით მოდის ინდუსტრიაში სერიოზული პროგრესია, წონის თვალსაზრისით ინდუსტრია კვლავ დისკრიმინაციულ მიდგომას ინარჩუნებს. სანამ სახელოვანი ბრენდები სტერეოტიპებს ვერ ძლევენ, ბაზარზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეები ამ მნიშვნელოვან სეგმენტზე ადგილს წარმატებით იმკვიდრებენ და მომხმარებელს მრავალფეროვნებას სთავაზობენ როგორც მოდელების, ასევე სამოსის თვალსაზრისით.

ახალი ტრენდი გარკვეულ მოძრაობაშიც გადაიზარდა, რომელსაც თავისი აქტივისტებიც ყავს. მაგალითად, ჯესიკა ვანდერ ლიხი – მოდელი, მწერალი და აქტივისტი, რომელმაც 2015 წელს ციფრული პლატფორმა –  Project Womankind ჩაუშვა. ამ პლატფორმაზე ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი სხეულით იამაყონ. “მოდა ყოველთვის იმის ასახვა იყო, რაც მსოფლიოში ხდებოდა. უსამართლობაა იმ ქალების იგნორირება, რომლებსაც სრული ფორმები აქვთ, თუმცა უნდათ კარგად ეცვათ. “
Print
ბოლო სიახლეები