ირინა შეიკი,ჯიჯი და ბელა ჰადიდები,პერის ჯექსონი და სხვები... გრანდიოზული შოუ ფლორენციაში
გუშინ ირინა შეიკი ფლორენციის ქუჩებში შენიშნეს. თუმცა ის იქ ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ გულის გადასაყოლებლად და დასასვენებლად არ ჩასულა. მოდელი ფლორენციას გრანდიოზულ შოუზე ჩავიდა სახელწოდებით CR Runway x LuisaViaRoma 90th Anniversary Show.
შთამბეჭდავი იყო არა მხოლოდ შოუსთვის შერჩეული ადგილი – მოდელები პოდიუმზე დავითის ქანდაკების გვერდით დადიოდნენ– არამედ შემადგენლობაც. დეფილეში შეიკის გარდა მონაწილეობდნენ ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ნატაშა პოლი, კაროლინა კურკოვა, ალესანდრა ამბროსიო, სტელა მაქსველი, ჯოან სმოლსი და ბევრი სხვა. მაყურებელმა პოდიუმზე პერის ჯექსონიც ნახა, რომელიც როგორც წესი მოდურ შოუებზე მაყურებლის როლშია.


ირინა შეიკისთვის ეს პირველი ოფიციალური საჯარო გამოჩენაა ბრედლი კუპერთან დაშორების შესახებ გავრცელებული ამბის შემდეგ. თუმცა ის პაპარაცებს არ ემალება. ფლორენციაში ჩვენებამდე კი ისლანდიაში ახალ ფოტოსესიაში მონაწილეობაც მოასწრო.

თავად ჩვენება მოდის მოყვარულთათვის ნამდვილ ზეიმად იქცა. მოდელები პოდიუმზე ყველაზე სახელოვანი ბრენდების არქივებიდან ამოღებული სამოსით გამოვიდნენ. მაგალითად, ირინა შეიკს Ermanno Scervino–ს ტყავის კაბა ეცვა, ბელა ჰადიდს კი Off-White–ს კოსტუმი და Mugler-ის ორიგინალური ქუდი. 


იყო ამაღელვებელი მომენტებიც. მაგალითად, ვიქტორია ჩერეტი და მარიაკარლა ბოსკონე პოდიუმზე კარლ ლაგერფილდის სამოსით გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული დიზაინერი თებერვალში გარდაიცვალა.

Print
ბოლო სიახლეები