მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ატლანტიკის მიმართულებით დაიძრა

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, რომელიც დასავლეთ ანტარქტიდაზე ყინულს მოწყდა  თავისუფალ ცურვას იწყებს.

კოლოსალურმა აისბერგმა სახელწოდებით A68, შელფურ ყინულისგან დაშორება 2017 წელს დაიწყო, თუმცა პირველ წელს თითქმის არ დაძრულა ადგილიდან. ამჟამად კი ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს, თეთრი კონტინენტის ნახევარკუნძულის გასწვრივ. 6000 კვ. კილომეტრის ფართობის ყინულის მასა რაღაც მომენტში თითქოს უედელის ზღვის ფსკერმა შეაფერხა, თუმცა ახლა უკვე სიჩქარე აკრიფა. ოკეანის დინებამ ის 250 კილომეტრით გადააადგილა.

აისბერგის სიგრძე 160 კილომეტრია, სიმაღლე კი მხოლოდ 200 მეტრი, რაც მას უზარმაზარ ყინულის კუნძულს ამსგავსებს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, მისი ფართობი თითქმის ცხრაჯერ დიდია, ვიდრე თბილისის ფართობი. მეცნიერების თქმით, ის “მოგზაურობის პერიოდში“ პრაქტიკულად არ შემცირებულა და არ დაზიანებულა.

მეცნიერებმა თითქმის ზუსტად იციან მისი სამომავლო მოძრაობის ტრაექტორია. ისევე, როგორც უედელის ზღვის სექტორის აისბერგთა უმრავლესობას, საბოლოოდ A 68–ს ოკეანის ცირკულირებადი დინება ანტარქტიკის ოკეანის სამხრეთით გამოიტანს ე.წ. “აისბერგების ხეივნის“ სახელით ცნობილ მიმართულებაზე. ღია ოკეანეში გასვლის შემდეგ აისბერში თანდათანობით ნაწილებად დაიშლება, რაც საკმაოდ სახიფათოა ზღვაოსნებისთვის.

მეცნიერები აისბერგზე თანამგზავრების მეშვეობით მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ იმ საფრთხის გამო, რომელსაც ის ხომალდებს უქმნის.



პარალელურად მეცნიერები დაკვირვებას აწარმოებენ ორ სხვა მსხვილ აისბერგზე, რომლებიც უახლოეს მომავალში მოწყდება ანტარქტიდის ყინულოვან ფარს. ერთ–ერთი მათგანი დასავლეთ ანტარქტიდაში, პაინ აილენდს დაშორდება. მისი ფართობი დაახლოებით 300 კვ. კილომეტრი იქნება. ყინულის ამ მასას უკვე აქვს მრავალი ბზარი და მეცნიერების ვარაუდით რამდენიმე ფრაგმენტად მაშინვე დაიშლება, როგორც კი გამოცალკევდება.

მეორე მსხვილი აისბერგის ფორმირება აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ბრანის ყინულოვანი შელფის ნაპირზე მიმდინარეობს. მისი ფართობი სავარაუდოდ 1500 კვ. კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით თბილისის ფართობზე ორჯერ მეტია. ამ პოტენციურმა აისბერგმა უკვე მიიპყრო დიდი ყურადღება, რადგან მის გამო ბრიტანული კვლევითი სადგურის ახალ ადგილზე გადატანა გახდა საჭირო. ჯერჯერობით არავინ იცის, როდის მოწყდება ის საბოლოოდ ანტარქტიდის ყინულს, რადგან ბზარი ძალიან ნელა იზრდება.


Print
ბოლო სიახლეები