ათასობით ადამიანი ლონდონის ქუჩებში ბრექსითის გაუქმების მოთხოვნით
შაბათს დილით ლონდონში ათასობით ადამიანმა საპროტესტო მარში მოაწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხთან დაკავშირებით ახალ რეფერენდუმის მოთხოვნით. ამ დროისთვის უკვე 4 მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ და ბრექსითის გაუქმებას ითხოვენ. საპროტესტო მარშის მონაწილეები პარკ–ლეინზე ჩეიკრიბნენ და მსვლელობით გაიარეს სენტ–ჯეიმს სთრითი, პელ–მელი, ქოქსპურ სთრითი და უაითჰოლი, საბოლოო წერტილი კი საპარლამენტო მოედანი იყო, სადაც მიტინგი გაიმართა.

“ბრექსითი აღმაშფოთებელი ფარსია, მთავრობა კი გავს იმ მამას, ვისაც შვილთან საკუთარი შეცდომის აღიარება არ უნდა.“
“მარშს ახალგაზრდობა და სტუდენტები ხელმძღვანელობენ. ჩვენ ყველაზე მეტხანს მოგვიწევს ტანჯვა ბრექსითის გამო და გვინდა ჩვენი მომავლის გადაწყვეტისას ხმის უფლება გვქონდეს.“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ოთხშაბათს პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურად მოთხოვა ევროკავშირს 30 ივნისამდე ვადის გადაწევა. ხუთშაბათს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მზად არიან ბრიტანეთს ვადა გაუზარდონ, თუმცა მხოლოდ 22 მაისამდე, ან მხოლოდ 12 აპრილამდე – იმის მიხედვით, დაუჭერს თუ არა მხარს მომავალ კვირას ქვეყნის პარლამენტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხელშეკრულებას.

ბრიტანეთისთვის ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევა ორივე მხარეს მკვეთრი და უხეში განშორების მძიმე შედეგებისგან დააზღვევს, თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმების პროექტს მხარს დაუჭერს. დეპუტატებმა მისი მიღება უკვე ორჯერ ჩააგდეს. თუ მომავალ კვირასაც იგივე განმეორდა, ბრექსიტის ბედი 12 აპრილამდე გადაწყდება. ამიტომაც ბრიტანეთმა საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირს.

ბრიტანეთის პრემიერმა ორი დღის წინ ნაციას მიმართა და ირწმუნებოდა, რომ ის ხალხის მხარეს არის. მეიმ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა და განაცხადა, რომ დეპუტატებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ტერეზა მეის ბევრი ოპონენტი ამბობს, რომ ამ გამოსვლით მან საკუთარი თავი და ხალხი პარლამენტს დაუპირისპირა.

ტერეზა მეის ამ გამოსვლას მის მიმართ კრიტიკა მოჰყვა, ბრექსითის გაჭიანურებულ და დასრულებელ პროცესს კი არაერთი ხუმრობა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ტვიტერზე ხუმრობდნენ: “შეიძლება დაუსრულებლად უყურო სამ რამეს: როგორ იწვის ცეცხლი, როგორ მიედინება წყალი და როგორ გამოდის ბრიტანეთი ევროკავშირიდან.“
Print
ბოლო სიახლეები