ფლორიდაში, ტრამპის აგარაკზე შეღწევის მცდელობისას ჩინელი ქალი დააკავეს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფლორიდაში მდებარე აგარაკზე საიდუმლო სამსახურმა ჩინური წარმოშობის ქალი დააკავა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის წინა კვირას დააკავეს და ქალს ვირუსული კომპიუტერული პროგრამა ჰქონდა.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, იუჯინ იანგი მარ-ა-ლაგოს აგარაკზე საიდუმლო სამსახურის აგენტთან მივიდა და ჰკითხა როგორ შესულიყო კერძო კლუბში. ქალი ამტკიცებდა, რომ კლუბის წევრი იყო და აუზზე შესვლა სურდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი წევრთა სიაში აგენტებმა ვერ იპოვეს, საბოლოოდ ის მაინც შეუშვეს, რადგან კლუბის მენეჯერმა ის ერთ-ერთი წევრის ქალიშვილად მიიჩნია.

კლუბში შესვლის შემდეგ იანგმა ადმინისტრატორს უთხრა, რომ "გაერთიანებული ერების ჩინურ-ამერიკული ასოციაციის" ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამგვარი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ვერავინ იპოვა, საიდუმლო სერვისმა ის დააკავა. ქალის პირადი ნივთების ჩხრეკისას აგენტებმა ოთხი მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, გარე მეხსიერების ბარათი და ე.წ. "ფლეშ-დრაივი" იპოვეს, რომელზეც კომპიუტერული ვირუსი იყო ჩატვირთული.

ამ ეტაპზე იანგის წინააღმდეგ ბრალი ფედერალური აგენტებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისა და კერძო, დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის კუთხით არის აღძრული.


წყარო: ამერიკის ხმა
Print
ბოლო სიახლეები