წითელას აფეთქება ამერიკაში.ნიუიორკის რამდენიმე კვარტალში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს
ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბრუკლინის რამდენიმე კვარტალში, სადაც ძირითადად ულტრაორთოდოქსი ებრაელები ცხოვრობენ. მიზეზი წითელას აფეთქებაა. ამ კვარტლების მაცხოვრებლებს სავალდებულო ვაქცინაცია დაევალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა ემუქრებათ. ბევრი ულტრაორთოდოქსი ებრაელი რელიგიური მოსაზრებით აცრის წინააღმდეგია.

30 სექტემბრიდან მოყოლებული ნიუ იორკის ამ ნაწილში წითელას 285 შემთხვევა დაფიქსირდა. 246 დაავადებული ბავშვია. ეს არის 1991 წლის შემდეგ წითელას ყველაზე მასობრივი გავრცელება ამ ქალაქში.

წითელა ძალიან ადვილად გადამდები დაავადებაა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება ჰაერ–წვეთოვანი გზით. დაავადება ხშირად რთულდება და შესაძლოა პნევმონია, ყურის ინფექცია და ტვინის ანთება გამოიწვიოს.

ნიუ იორკში 285 დაავადებულიდან 21 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. ხუთი მათგანი კი რეანიმაციაშია. ჯერჯერობით ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

მერის განკარგულებით ნებისმიერი წითელაზე აუცრელი ადამიანი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ზონაში იმყოფება, ვალდებულია 48 საათის განმავლობაში ვაქცინაცია ჩაიტაროს.

ექვს თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვები აცრან, ან წარმოადგინონ ცნობა, რომ აცრა უკვე გაკეთებულია.

“მინდა ყველას ესმოდეს რამდენად სერიოზულია და რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს დაავადება. უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო საგანგებო გახდა“ – განაცხადა დე ბლაზიომ.

მარტში წითელას აფეთქება საგანგებო მდგომარეობის მიზეზი გახდა ნიუ იორკის შტატის როკლენდის საგრაფოში. მაშინ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გამოჩენისთვის აუცრელ ადამიანებს 500 დოლარიანი ჯარიმა და ექვს თვემდე პატიმრობა დაუწესა.
Print
ბოლო სიახლეები