ავიაკატასტროფა ნეპალში. კიდევ ერთი ტრაგედია მსოფლიოს ყველაზე საშიშ აეროპორტში
სამი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაიჭრა ავიაკატასტროფის შედეგად ნეპალის ქალაქ ლუკლაში მდებარე ტენცინგ–ჰილარის აეროპორტში. მცირე ზომის თვითმფრინავი Let-410 რომელიც კომპანია Summit Air–ს ეკუთვნოდა, კატმანდუში მიფრინავდა, როცა აფრენისას კომპანია Manang Air -ის ვერტმფრენს შეეჯახა და ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა.

ორივე ავიაკომპანია კერძოა და ძირითადად ნეპალის ძნელადმისადგომ რაიონებში ტურისტები, ალპინისტები და ადგილობრივები გადაჰყავთ.

დაღუპულებს შორის არიან : თვითმფრინავის პილოტი და ორი პოლიციელი, რომლებიც ვერტმფრენის გვერდით იდგნენ. პილოტი და ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალნენ, მეორე პოლიციელი კი საავადმყოფოში.

ქალაქ ლუკლას პატარა აეროპორტი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ჰიმალაის კარიბჭეს, ევერესტის რაიონში ერთადერთია. ის ზღვის დონიდან 2 845 კილომეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება მოკლე ასაფრენი ბილიკისა და რთული მთიანი რელიეფის გამო, რომელიც თვითმფრინავის დაფრენას ართულებს.



527 მეტრი სიგრძის ასაფრენ ბილიკს ერთ მხარეს უფსკრული ემიჯნება, მეორე მხარეს კი მთა. აეროპორტი ხშირად არის დაკეტილი ძლიერი ქარის და ნისლის გამო. საგანგებო პირობების გამო აქ დაფრენის უფლება მხოლოდ გამოცდილ პილოტებს აქვთ. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აქ 2020 წლისთვის ვერტმფრენებისთვის ცალკე მოედნებს ააშენებს.

ბოლო წლებში ნეპალის სამოქალაქო ავიაციამ ტურისტების ნაკადის ზრდის გამო მნიშვნელოვნად გაზარდა ჰიმალაის შორეულ რაიონებში რეისების რაოდენობა, სადაც სახმელეთო ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია. თუმცა ფრენების უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა პილოტების ცუდი მომზადებისა და ავიატექნიკის ცუდი მომსახურების გამო.

თებერვალში ნეპალში ვერტმფრენის კატასტროფისას შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრი რაბინდრა ადხიკარი.

ევროკავშირმა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე საკუთარ საჰაერო სივრცეში ყველა ნეპალური ავიაკომპანიის ფრენა აკრძალა.
Print
ბოლო სიახლეები