ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიან ავტომობილებს კრძალავენ
ამსტერდამის საქალაქო საბჭომ ათწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. მომავალი წლიდან 15 წლის წინ ან უფრო ადრე გამოშვებული ავტომობილებისთვის წრიული საავტომობილო გზის, A 10–ის შიგნით შესვლას აკრძალავენ. საქალაქო ავტობუსები კი, რომლებიც ქალაქს გამონაბოლქვი აირებით აბინძურებენ ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრიდან 2022 წლიდან გაქრება.

2025 წელს აკრძალვა შეეხება მოპედებს და გასართობ ტურისტულ კატერებს, რომლებიც ბენზინის ან დიზელის საწვავს იყენებენ. იმ დროისთვის ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობა 23 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 2030 წელს კი ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილები საერთოდ ვეღარ იმოძრავებენ.

გეგმის ავტორების ჩანაფიქრით ეს ქალაქის ჰაერს გაასუფთავებს და შედეგად ამსტერდამში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წლით გაიზრდება.

ავტომწარმოებელთა ინტერესების ლობისტი ორგანიზაცია Rai Association ინიციატივას აკრიტიკებს. “ათობით ათასი ოჯახი, რომლებსაც ელექტრომობილის შესაძენი ფული არ აქვთ მალე დავიწყებას მიეცემიან. შედეგად ამსტერდამი მდიდრების ქალაქად გადაიქცევა“–ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print
ბოლო სიახლეები