ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში. 65 მიგრანტი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა
მინიმუმ 65 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად. გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მონაცემებით გადარჩენა მხოლოდ 16–მა ადამიანმა მოახერხა. გადარჩენილები ამბობენ, რომ მათმა ნავმა ლიბიის ქალაქი ზუვარუ ხუთშაბათს დატოვა და პრობლემები დიდი ტალღების გამო შეექმნა.

გაეროს მონაცემებით ლიბიასა და ევროპას შორის მარშრუტზე 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამში 164 ადამიანი დაიღუპა.თუმცა დღევანდელი ინციდენტი ამ წელს გარდაცვლილი მიგრანტების რაოდენობით ყველაზე მძიმეა.

გადარჩენილები ტუნისის სანაპირო ფლოტმა ნაპირზე გაიყვანა. ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუნისის სამხედრო საზღვაო ფლოტმა სამაშველო ხომალდი მაშინვე გაგზავნა, როგორც კი ინციტენტის შესახებ შეიტყო. ადგილზე უკვე დახვდა მეთევზეთა გემი, რომელიც გადარჩენილებს ეხმარებოდა. მობილიზებული იყო მალტური ვერტმფრენიც.

სავარაუდოდ ნავის მგზავრები აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ წამოსული.

“ეს არის ტრაგიკული და საშინელი შეხსენება იმ რისკებისა, რომლებსაც ეჯახებიან ისინი, ვინც ცდილობს ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთოს“ – ამბობს გაეროს წარმომადგენელი, ვინსენტ კოჩეტელი.

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ხმელთაშუა ზღვის გადალახვას და ევროპაში არალეგალურად მოხვედრას. მათი საწყისი პუნქტი თითქმის ყოველთვის ლიბიაა. ბევრი მიგრანტი იმის გამო იღუპება, რომ გადავსებული და გაუმართავი გემებით და ნავებით მგზავრობენ.

თუმცა 2017 წლის შუა პერიოდიდან მიგრანტების გადაადგილება ამ მარშრუტით მკვეთრად შემცირდა.

2019 წლის პირველ სამ თვეში ევროპაში სამი ხმელთაშუაზღვისპირული მარშრუტით დაახლოებით 16000 ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა. ეს 17%–ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის იმავე პერიოდში ჩასული მიგრანტების რაოდენობა.

ეს ძირითადად იმით აიხსნებ, რომ იტალიამ ლიბიის ძალები ჩართო მიგრანტთა შესაჩერებლად. ეს გადაწყვეტილება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

რაოდენობის შემცირების მიუხედავად ტრაგედიები კვლავ ხშირია. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს ყოველდღიურად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 6 მიგრანტი იღუპებოდა.
Print
ბოლო სიახლეები