France Telecom–ის დირექტორს თანამშრომლების თვითმკვლელობის გამო ასამართლებენ
ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია France Telecom–ის ყოფილი ხელმძღვანელი და კიდევ ექვსი ყოფილი მენეჯერი პარიზში სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მათ ბრალად თანამშრომლების დამცირება და შეურაცხყოფა ედებათ, რის გამოც პროკურატურის ინფორმაციით ბევრმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.

თანამშრომლების თვითმკვლელობების ტალღამ France Telecom–ში 2008–2009 წლებში საზოგადოება შოკში ჩააგდო. წამოიჭრა საკითხი ტელესაკომუნიკაციო გიგანტკში კორპორატიული კულტურის მდგომარეობის შესახებ. ეს პირველი მსგავსი პროცესია საფრანგეთში, როცა სამუშაო ადგილზე შევიწროების ბრალდება სასამართლოში განიხილება.

2008–2009 წლებში კომპანიის 35 –მა თანამშრომელმა თავი მოიკლა. მას შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა და ამჟამად Orange ქვია. დიდიე ლომბარი და დანარჩენი ბრალდებულები უარყოფენ, რომ თანამშრომლების თვითმკვლელობის მიზეზი მათი მხრიდან კომპანიის რესტრუქტურიზაციის მცდელობა გახდა.

იგივე ბრალდებები წაუყენეს თავად კომპანიასაც. ამავე დროს, ცოტა ხნის წინ პრივატიზებული კომპანია მაშტაბური რეორგანიზაციის პროცესს გადიოდა. დიდიე ლომბარი ცდილობდა შტატები 22 ათასი ადამიანით შეემცირებია, კიდევ 10 ათასი თანამშრომლისთვის კი პერეკვალიფიცირება ეიძულებინა.

ზოგიერთმა თანამშრომელმა თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა, რომელშიც საკუთარ გადაწყვეტილებაში France Telecom–ის მენეჯერებს ადანაშაულებდა.

ლომბარს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ კომპანიაში შეიქმნა “თანამშრომლების ცხოვრების ხარისხის გაუარესებისკენ მიმართული კორპორატიული პოლიტიკა“. ადანაშაულებენ იმაშიც , რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარის და შეურაცხყოფის გზით აიძულებდა ადამიანებს სამსახურიდან წასვლას.

ზოგიერთი თანამშრომელი სხვა ქალაქში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, ზოგი ცარიელ ოფისებში დატოვეს, ზოგი კი აიძულეს ისეთი საქმე ეკეთებინათ, რაც მათი კვალიფიკაციის დონეზე ბევრად დაბალი იყო.

“მე მათ მაინც გავყრი, ასე თუ ისე, კარიდან ან ფანჯრიდან“– როგორც ამბობენ ასეთი ფრაზა 2007 წელს დიდიე ლომბარმა ერთ–ერთ სხდომაზე თქვა.

თავად ყოფილი მენეჯერი, რომელმაც კომპანია 2010 წელს დატოვა, აღიარებს, რომ მის მიერ გატარებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს არ მოსწონდათ, მაგრამ უარყოფს, რომ სუიციდის მიზეზი ეს შეიძლებოდა გამხდარიყო.

ლომბარის კომპანიიდან წასვლის მიზეზი მისი ხელმძღვანელობის სტილთან დაკავშირებული საჩივრები გახდა. თუ ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობენ, მათ ერთიდან ორ წლამდე პატიმრობა და 15 ათას ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ. კომპანია Orange კი შესაძლოა 75 ათასი ევროთი დაჯარიმდეს.

რამდენიმე დრამატული ინციდენტი კომპანიის ისტორიიდან:
• 2009 წელს 32 წლის ქალმა პირდაპირ სამსახურში მოიკლა თავი
• ქალაქ მეცში ქალმა თავის მოკვლა სცადა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ წელიწადის მანძილზე უკვე მესამედ სხვა ქალაქში გადაჰყავდათ სამუშაოდ.
• 2011 წელს 57 წლის თანამშრომელმა მამაკაცმა ბორდოს სიახლოვეს სამსახურში ყოფნისას მოიკლა თავი.

კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ბრალდებებთან და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიის ამჟამინდელი მენეჯმენტი დიდ ძალისხმევას ხარჯავს კორპორატიული კულტურის გაუმჯობესებისთვის.

Print
ბოლო სიახლეები