ნიუ იორკის გარეუბანში კორონავირუსის კერა აღმოჩნდა. საქმეში სამხედროები ერთვებიან

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ქალაქ ნიუ როშელში, მეგაპოლისის ჩრდილოეთით კორონავირუსის ინფექციით დაავადების განსაკუთრებული ზონის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის რადიუსი 1 მილი, ანუ 1.6 კილომეტრია . მისი განცხადებით იქ სავარაუდოდ აშშ–ში ყველაზე მსხვილი დაინფიცირების კერაა.

იზოლაციის რეჟიმის შესანარჩუნებლად ამ ზონაში აშშ–ს ნაციონალური გვარდიის სამხედროებს გამოიყენებენ. კერძოდ, ისინი  სკოლების დალაგებას და კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის საჭმლის მიწოდებას შეითავსებენ.

ამჟამად ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით დაინფიცირების 173 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 108 უესჩესტერის საგრაფოში გამოვლინდა, რომელშიც ქალაქი ნიუ როშელი მდებარეობს.

საგრაფოს მოსახლეობა მილიონზე ნაკლები ადამიანია. ქალაქის მოსახლეობა კი 77 ათასი. მრავალმილიონიან ნიუ იორკში, რომელიც აქედან სამხრეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს 36 შემთხვევა გამოვლინდა.

გუბერნატორი პირობას დებს, რომ ქალაქში შესვლაზე შეზღუდვები არ დაწესდება, მაგრამ დაიხურება ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები. სკოლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები და მსხვილი საწარმოები კი ორი კვირით დაიხურება.

“ეს ძალიან სერიოზული ზომაა, მაგრამ ეს ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კერაა, და ეს პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია“– განაცხადა კუომომ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალაქში ინფექციის გავრცელების ცენტრი ადგილობრივი სინაგოგაა. ამბობენ, რომ პირველი გამოვლენილი დაინფიცირებული მამაკაცი სინაგოგას სტუმრობდა ხოლმე. ამჟამად კარანტიგში 1000–მდე მლოცველი იმყოფება.

სულ აშშ–ში 10 მარტის მდგომარეობით დაინფიცირების 804 შემთხვევა იყო გამოვლენილი.გარდაიცვალა 28. აქედან 23 ვაშინგტონის შტატში, ორი კალიფორნიაში და თითო ადამიანი ფლორიდასა და ნიუ ჯერსიში.