ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას- მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ უფლის გამოცდის ნაცვლად, სასულიერო პირები საღ აზრს უნდა მიენდნონ.

,,ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა”,- ამბობს მეუფე.

მისივე თქმით, უჭრის დაჯერება, რომ მრევლის საფრთხისგან განრიდება ზოგიერთ სასულიერო პირს უფლის ღალატი ჰგონია.

,,მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!”,- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მან რამდენიმე დღის წინ მრევლს ბინაზე ზიარება შესთავაზა და განაცხადა, რომ უაზრო თავგანწირვა ფუჭი და საზიანოა.