ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის გამო დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას 11 მარტის ბრძანებით აფხაზეთის ენ. წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან ჩაიკეტება. შესაბამის ორგანოებს კი ზომების მიღება დაევალათ.  ამის შესახებ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.  

„პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება, სადაც მითითებულია აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლის სრულად შეზღუდვის ხანგრძლივობა, გაიცა დღეს, 11 მარტს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის  კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული.

აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.