ბრიტანელ მასწავლებლებს მოსწავლეების თავდასხმის და დისკრიმინაციის გამო 20 მილიონი გადაუხადეს
გასულ წელს ბრიტანელმა მასწავლებლებმა თითქმის 15 მილიონი ფუნტი, ანუ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი მიიღეს კომპენსაციის სახით სკოლების უმოქმედების გამო იმ შემთხვევებში, როცა მასწავლებლები მოსწავლეთა მხრიდან თავდასხმებზე, სამსახურში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე და სადაო სიტუაციებზე ჩიოდნენ.

პედაგოგებმა შეძლეს კომპენსაცია მიეღოთ თავდასხმების, სხეულის დაზიანების, რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი, სექსუალური ორიენტაციის და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების, ასევე სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო.

პროფკავშირების ტიპის ორგანიზაციის– “სკოლის მასწავლებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით ერთ შემთხვევაში 57 წლის მასწავლებელ ქალს 9.6 ათასი ფუნტი გადაუხადეს მოსწავლის თავდასხმის გამო, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიული ქცევით.გამოცემა Telegraph –ის ინფორმაციით ბიჭი მასწავლებელს კლასში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და კედელს მიანარცხა, რამაც ზურგის ტრავმა და ნეკნების ჩამტვრევა გამოიწვია. მოგვიანებით მასწავლებელს პოსტტრავმული აშლილობა, თავბრუსხვევა და ხელების მუდმივი კანკალი დაეწყო. ფული მასწავლებელს სამთავრობო სააგენტომ გადაუხადა, რომელიც ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლებს მიყენებული ტრავმებისთვის კომპენსაციას უხდის.

კიდევ ერთი შემთხვევა 33 წლის მასწავლებელ ქალს შეემთხვა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში მოსწავლეთა მხრიდან რასისტული გამოხტომების მსხვერპლი იყო. სკოლაში, სადაც ის მუშაობდა ამ პრობლემას სერიოზულად არ მოეკიდნენ და არაფერი იღონეს. მასწავლებელი იძულებული გახდა სამახურიდან წასულიყო. მან კომპენსაციის სახით 10 ათასი ფუნტი მიიღო.
54 წლის მასწავლებელი მამაკაცი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების გამო ეტლს, ინტერაქტიულ დაფას, უსადენო კლავიატურას და პატარა სკამებს ითხოვდა, ასევე დაკმაყოფილდა კომპენსაციით. ასოციაციის ცნობით მას ართრიტი, ჰიპერტონია, პადაგრა და დიაბეტი აწუხებდა და დამსაქმებელმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა ამ გარემოებას არად აგდებდა. მამაკაცმა კომპენსაციის სახით 45 ათასი ფუნტი მიიღო.

მასწავლებელთა ასოციაციის ინფორმაციით ეს ციფრები მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა მეტისმეტად დაშინებული ან გადატვირთულია საიმისოდ, რომ იჩივლოს და მის მიმართ უკეთესო მოპყრობა მოითხოვოს.

უმეტეს შემთხვვაში ფული ვერ აკომპენსირებს იმ ფაქტს, რომ მასწავლებლებმა არასათანადო მოპყრობით მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღეს და მათ ამ სპეციალობით მუშაობა ვეღარ შეძლეს. მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრის კიტსი ამბობს, რომ სკოლები ასეთ ინციდენტებს აჩუმათებენ და არანაირ ზომებს არ იღებენ მასწავლებლის დასაცავად.

ბრიტანეთის განათლების სამინისტროს განცხადებით კი სკოლების უმრავლესობა მასწავლებლებისთვის უსაფრთხო გარემოს და შრომის ღირსეულ პირობებს უზრუნველყოფს, თუმცა ყველა მასწავლებელი დაცული უნდა იყოს და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას და სასტიკ მოპყრობას ერთი მასწავლებელიც კი არ უნდა ექვემდებარებოდეს.



Print
ბოლო სიახლეები