რუსეთში სტალინის მიმართ დადებითი განწყობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა
რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც დადებითად აფასებს იოსებ სტალინს და მის როლს ქვეყნის ისტორიაში, ზრდას განაგრძობს.

2019 წლის მარტში ამ რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამაზე მეტყველებს „ლევადა ცენტრის„ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა 70%–მა განაცხადა, რომ დადებითად აფასებენ სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში. ამ მაჩვენებელმა ზრდა 2014 წელს დაიწყო და 2019 წელს პიკს მიაღწია.

პირველად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 51% სტალინის მიმართ აღფრთოვანებას, პატივისცემას ან სიმპატიას გამოხატავს. ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში.

რა არის ამის მიზეზი?

ბიბისი–სთან საუბარში პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი ასეთი საზოგადოებრივი განწყობის სამ მიზეზს ასახელებს:

“პირველი, დროის ფაქტორია. სტალინის ეპოქის მოვლენები სულ უფრო და უფრო შორს არის. შესაბამისად, ცოცხალი ისტორიული მეხსიერება ქრება. ამიტომაც არის, რომ ნაპოლეონი ტორტია და არა ადამიანი, რომელიც რუსეთს თავს დაესხა, ჰიტლერი – მემია, სტალინი კი „კუბანელი კაზაკები“. ეს უკვე ძალიან შორეული წარსულია. ამიტომაც დამოკიდებულება მის მიმართ ისეთია, როგორც მეფე არტურის მიმართ.“

მეორე მიზეზი პოლიტოლოგის აზრით სახელმწიფო პროპაგანდაა, რომელიც სტალინს რეკლამირებას უკეთებს, როგორც სამამულო ომის მომგებს და ბრძენ მმართველს. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა მთლიანობაში, საბჭოთა პერიოდს რეკლამირებას უკეთებს, როგორც საუკეთესოს ქვეყნის ისტორიაში.

და მესამე, ყველაზე საინტერესო მიზეზი პოლიტოლოგის აზრით ქვეყანაში ანტიელიტისტური განწყობების ზრდაა. ხალხის მეხსიერებაში ის შემორჩა როგორც მკაცრი წესრიგის და ასკეტიზმის სიმბოლო. “დაჟანგებული ჩინოვნიკებით თავმობეზრებული ხალხი, რომელიც მათი მოთოკვის საშუალებას ვერ ხედავს, თვლის, რომ ასეთ ჩინოვნიკებს სწორედ სტალინი მოუხდებოდა.“– ამბობს შულმანი.

საბჭოთა ეპოქის ნოსტალგია

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის დინამიკა 2000–იან წლებში ლევადა ცენტრის მონაცემებით სამ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ. სამივე პერიოდში სტალინის პერსონის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები დომინირებდა.

პირველ ეტაპზე რუსეთის მოსახლეობის აზრი ბელადის შეფასებისას წინააღმდეგობრივი იყო და დადებითი და უარყოფითი აზრი თითქმის თანაბარი დოზით არსებობდა.

2008–2014 წლებში ნეიტრალური დამოკიდებულება დომინირებდა. 2015 წლიდან კი დაფიქსირდა ნეიტრალური, ნეგატიური და გადაუწყვეტელი განწყობების შემცირება.ამასთან, ლევადა ცენტრის მონაცემებით გამოკითხულ ყველა ასაკობრივ ჯგუფში დადებითი დამოკიდებულების ზრდა ფიქსირდება.

“ერთგვარი სიმპატია და ნოსტალგია საბჭოთა ეპოქისა და სტალინის, როგორც მეთაურის მიმართ მყარდება. სტალინი – მთავარი ადამიანია, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, რომელსაც მიეწერება დიდ სამამულო ომში გამარჯვებისთვის ყველა დამსახურება. ომში გამარჯვება კი ეროვნული სიამაყის სიმბოლოა ყველა რუსისთვის, გამონაკლისის გარეშე. მათთვისაც კი, ვინც პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიბადა“ – ამბობს ლევადა ცენტრის სოციოლოგი კარინა ფიფია.
„არსებობს ერთგვარი იმედგაცრუება სოციალური პოლიტიკით და მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, განსაკუთრებით საპენსიო რეფორმის შემდეგ, რომელიც ძალიან ნეგატიურად იქნა აღქმული საზოგადოებაში და შეფასდა როგორც სახელმწიფოს მიერ უარის თქმა მისი სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე“– ამბობს ექსპერტი.

კარინა ფიფია აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტალინის მიმართ სიმპატიას ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი – 18–დან 30 წლამდე რესპოდენტები გამოხატავენ.

“ისინი ყველაფერს აღიქვამენ არა საკუთარი გამოცდილებით, არამედ მითოლოგიური წარმოდგენებით, რომლებსაც უფროსი თაობა ასაზრდოებს„– ამბობს სოციოლოგი.

Print
ბოლო სიახლეები