როდის დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემია. ორი სცენარი

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორნავირუსის აქტიურ გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია გამართლებული იყო, რადგან მსოფლიოში სიტუაცია სერიოზულად დამძიმდა. დაავადებულთა და ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

კორონავირუსი ახალი დაავადების – COVID-19–ის მიზეზი გახდა, რომელიც მედიკოსებისთვის აქამდე უცნობი იყო. ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის მიზანია არ დაუშვან ვირუსის შემდგომი გავრცელება, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში. ჯანმო მოუწოდებს სახელმწიფოებს კომპლექსური მიდგომა გამოიჩინონ და ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მთელი საზოგადოება ჩართონ ყოვლისმომცველი სტრატეგიების რელიზაციისთვის ინფექციის გავრხელების აღსაკვეთად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და მძიმე შედეგების, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მინიმიზაციისთვის. ამგვარად, პანდემიის ხანგრძლივობა ყოველ ცალკე აღებულ ქვეყანაში გატარებული ზომების ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაგრძობს რაციონალური და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაცემას, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ქვეყანამ უკეთ მომზადება და ეპიდემიაზე უკეთ რეაგირება შეძლოს. თუმცა საქმეს ართულებს ის, რომ COVID-19 ახალი დაავადებაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მეტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ჭირდება საფუძვლიანი დასკვნების გასაკეთებლად მისი წარმოშობის, გავრცელების და შეწყვეტის კანონზომიერებაზე.

ჯერჯერობით ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია, მოვლენათა განვითარების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარი მაშტაბები შეიძინა. ქვეყნები ზომებს იღებენ ეპიდემიის შესაჩერებლად, კეტავენ საზღვრებს, წყვეტენ ავიამიმოსვლებს, აუქმებენ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

New York Post–ში გამოქვეყნდა ჩინეთის ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ექსპერტული კომისიის მეთაურის, ჩჟუნ ნანშანის განცხადება, რომ პანდემია 2020 წლის ივნისისთვის შეიძლება დასრულდეს. მისი თქმით, მისი შეფასება იმ სცენარს ეფუძნება, როცა ყველა ქვეყანა პოზიტიურ ზომებს იღებს . თუ ყველა ქვეყანა ვირუსის წინააღმდეგ მობილიზაციას გამოაცხადებს, სიტუაცია ჩაცხრობისკენ ორ–სამ თვეში წავა. ზაფხულის დადგომა კი, როცა ტრადიციული რესპირატორული ინფექციები მცირდება, ამას ხელს შეუწყობს, რადგან ვირუსის გავრცელება შენელდება.

თუმცა, მხოლოდ ზაფხულის იმედით მოდუნება არ შეიძლება. მთავარი მაინც პროფილაქტიკური და საკარანტინო–სანიტარული ზომებია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციას, შესაბამისად კორონავირუსის გადადებას ბოლომდე ვერ აღკვეთ.
თავად ჩინეთში ამბობენ, რომ ეპიდემიის პიკმა გადაიარა. ყოველდღიურად ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე ათეული ახალი დაავადებული ჩნდება. განკურნებულთა რიცხვი კი იზრდება.

იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსის ბუნება ჯერჯერობით უცნობია, მეცნიერები და ექსპერტები ცდილობენ წარსული გამოცდილება გაიხსენონ და გარკვეული დასკვნები ამაზე დაყრდნობით გააკეთონ. მაგალითად, იხსენებენ პანდემიის წინა შემთხვევებს. მსოფლიო პრაქტკა აჩვენებს, რომ როგორც წესი, მათი ხანგრძლივობის ვადა 12–დან 25 თვემდეა.

COVID-19–თან დაკავშირებით მეცნიერები ორ სცენარს განიხილავენ– ოპტიმისტურს და პესიმისტურს. პირველ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეპიდემია თანდათან ჩაცხრება. მეორე სცენარში კი შესაძლოა დაავადების მეორე, უფრო ძლიერი ტალღა დაიწყოს.

ბოლო 120 წლის განმავლობაში კაცობრიობამ რამდენიმე პანდემია გადაიტანა. ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ე.წ. “ისპანკა“ იყო 1918–1919 წლებში. მაშინ გრიპის პირველი აფეთქება ესპანეთში მოხდა. ვირუსით ჯამში 500 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან სხვადასხვა მონაცემებით 20–50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემია ლეტალური შემთხვევების მხრივ ყველაზე მაშტაბურად ითვლება.

უკანასკნელი პანდემია 2009–2010 წლის ღორის გრიპი იყო. მაშინ მსოფლიოს 2014 ქვეყანაში 18.5 ათასი ადამიანი დაიღუპა.