როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობები და როგორ დავაღწიოთ თავი

ტერმინი ტოქსიკური ურთიერთობები ფსიქოლოგიაში ისეთ ურთიერთობებს აღნიშნავს, რომლებიც ადამიანს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის, გულს ტკენს და ფსიქოლოგიურად, მოგვიანებით კი ფიზიკურად ფიტავს. ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანის პირად ზრდას და ადეკვატურ თვითშეფასებას გამორიცხავს. “ტოქსიკური“ პარტნიორი შესაძლოა ასე განზრახ, ან გაუცნობიერებლად იქცეოდეს. “მსხვერპლი“ ხშირად ვერ ხვდება, რომ ნევროტული ურთიერთობები აქვს, თუმცა შესაძლოა გააცნობიეროს კიდეც, მაგრამ წლობით განაგრძოს ეს ურთიერთობები – ემოციური გამოფიტვის ზღვარზე, დეპრესიულ მდგომარეობაში და მუდმივი დეპრესიის, დანაშაულის შეგრძნების და სასოწარკვეთილების ფონზე. როგორ უნდა გამოვიცნოთ ტოქსიკური ურთიერთობები და როგორ დავაღწიოთ მათ თავი.

ვნახოთ, რას გვირჩევენ ფსიქოლოგები:

ტოქსიკური ურთიერთობების მთავარი ნიშნები:


1. ტოქსიკური პარტნიორი თანდათანობით მსხვერპლის თვითშეფასებას ანგრევს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ეს ლამაზი პეპლის ფრთებზე მსუბუქ წერტილოვან შეხებას გავს: რაც არ უნდა მსუბუქი იყოს შეხება, პეპელა უკვე ვეღარ შეძლებს ფრენას. სირცხვილის და დანაშაულის გრძნობის პერიოდული შემოტევები საკუთარი შეუმდგარობის გამო – ტოქსიკური ურთიერთობების მთავარი მარკერია.

2. თქვენს სურვილებს და გრძნობების მნიშვნელობა არ აქვს. თქვენს მიერ პირადი საზღვრების დაცვა კი ტოქსიკური პარტნიორის გაგებით ნამდვილი ომის გამოცხადებაა. ბოლო სიტყვა ყოველთვის მას უნდა ეკუთვნოდეს, იმიტომ რომ თქვენ “არასწორად გრძნობთ, არასწორად გინდათ, და საერთოდაც ცუდად ერკვევით ცხოვრებაში.“

3. ერთი საათის წინ თითქოს პარტნიორი გაღმერთებდათ, ახლა კი საერთოდ ზედ არ გიყურებთ, შემდეგ ისევ გაგაღმერთებთ. ეს არის მანიპულატიური ტექნიკა, რომლითაც ტოქსიკურ პარტნიორს მსხვერპლი სრულ გაურკვევლობაში ჰყავს. არასოდეს იცი რას შეიძლება ელოდე მისგან.

4. ნებისმიერი მცდელობა მსხვერპლმა საკუთარი თავის “ფასი გაზარდოს“ და თვითშეფასება აღიდგინოს, ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან სასტიკად დაგმობილია. არანაირი ცვლილება, არანაირი პიროვნული ზრდა და განვითარება. თქვენს ყველა მიზანს დასცინის, მიღწევებს აუფასურებს, არაფერში მხარს არ გიჭერთ.

როგორ ეგება მსხვერპლი ანკესზე:

როგორც წესი, ნებისმიერი ურთიერთობების დასაწყისი ფერადი და ხავერდოვანია. შეყვარებულობა მხოლოდ ემოციური მოვლენა არ არის. ის ორგანიზმის განსაკუთრებული ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობაა.

ენდორფინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, ადრენალინი…. ამ და სხვა ჰორმონების კოქტეილი მძაფრ ემოციებს და შეგძნებებს იწვევს, რომლებიც ყველა ლოგიკურ მოსაზრებას უგულებელყოფს და კარგის და ცუდის გაგებას აფერმკრთალებს. თანაც, შეყვარებულობის ჰორმონალური ქარიშხალი ლამის გარდატეხის ასაკისას უტოლდება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს რადიკალური მეტამორფოზებისკენ უბიძგებს. ასეთ მდგომარეობაში ძნელია ურთიერთობების მომავალი კონტურები სწორად დაინახო.

თუმცა, შეყვარებულობა მუდმივი არ არის. მაშინ, რატომ ხდება შეუძლებელი ანკესიდან თავის დახსნა, როცა ქარიშხალი ჩადგება.

• სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს რამდენ ხანს გრძელდება შეყვარებულობა: რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ამ ხნის მანძილზე სრულიად შესაძლებელია ადამიანის მიმართ მყარი მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს.

• აგრესორი–მსხვერპლის ტიპის დესტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მშობლების ოჯახის ურთიერთობების მოდელი. ისეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, სადაც მშობლების ურთიერთობა არაჯანსაღი, ნევროტული და ტოქსიკური იყო, უფრო ნაცნობი სცენარის გამეორებისკენ იხრებიან. იქ, სადაც სიყვარულის გამო ტანჯვა და ცალ კარში თამაში ნორმაა, პირადი სივრცის და პატივისცემის შესახებ კი არაფერი სმენიათ, დიდი შანსია ბავშვი ასეთივე წარმოდგენებით გაიზარდოს.

• მარტოობის შიში და მისი თანმდევი წარმოდგენები “ისედაც გამიმართლა“, “მარტოობას ხომ ჯობს“, “სხვას ვის ვჭირდები“…

• იმედი ბოლოს კვდება და ფანტაზია, რომ ტოქსიკურ მანიპულატორს თქვენი დამთმობი ხასიათით და თბილი გულით განკურნავთ, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს. ამ ფანტაზიის დასანგრევად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითქმის ყველა აგრესორი ყოფილი მსხვერპლია. ამიტომაც კარგად შესისხლხორცებული ქცევის მოდელის შესაცვლელად ფსიქოთერაპიის ათეულობით სეანსიც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ცვლილებები შესაძლებელია, თუმცა ძალიან ნელა, თითქმის წლების მანძილზე. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტოქსიკური პარტნიორი ურთიერთობებში საკუთარ მოთხოვნილებებს სრულად იკმაყოფილებს, ამიტომაც სულაც არ აქვს მოტივაცია ცვლილებებისთვის საკუთარ თავზე იმუშაოს.

როგორ დავამთავროთ ასეთი ურთიერთობები:

თუ ტოქსიკური ურთიერთობები საკმაოდ დიდი ხანია გაქვთ, ძალა და სითამამე არ გეყოფათ ერთ მშვენიერ დღეს დაასრულოთ და წახვიდეთ. შეეცადეთ გარკვეული დროის მანძილზე საკუთარი მეს და თვითშეფასების განვითარებაზე იმუშაოთ, რაც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ ერთ დღესაც “ტოქსინს“ ნაგვის ურნაში გადაუძახებთ.

ტოქსიკური ურთიერთობების აღიარება და გაცნობიერება:


უპასუხეთ საკუთარ თავს კითხვაზე: რამდენი ხანია თავს უბედურად გრძნობთ, განიცდით თუ არა დანაშაულის შეგრძნებას იმის გამო, თუ როგორი ხართ. გინდათ თუ არა თქვენს პარტნიორთან ყოფნა თუ უბრალოდ თვლით, რომ ახალი ურთიერთობები არ გამოგივათ. რამდენად ხშირად გამცირებენ, უწევს თუ არა თქვენს სურვილებს ანგარიშს თქვენი პარტნიორი.

აკრძალვების მიუხედავად დაიწყეთ განვითარება. დაკავდით სპორტით, მედიტაციით, იოგათი, თანდათან გაზარდეთ თქვენი პროექტის მაშტაბები თვითშეფასების ასამაღლებლად. მოიპოვეთ მხარდაჭერა ახლობლებისა და მეგობრების სახით.

ხშირად ქალები, რომლებიც ტოქსიკურ ურთიერთობებში არიან, კავშირებს წყვეტენ ყველასთან. ამიტომაც, თუ თქვენც იმ მდგომარეობაში ხართ, რომ გაგების და მხარდაჭერის მისაღებად გვერდით არავინ გყავთ, ეცადეთ პროფესიონალებს მიმართოთ.