საეკლესიო რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია- ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ნაწილი კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.

,,მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის – დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე, ვთქვათ, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა”,- ამბობს ცერცვაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან ეკლესიას თავისი წესები აქვს.

,,ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ”, — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგანგებო მდგომარეობის და 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში საკვირაო ლოცვა ჩატარდა.