სევდიანი სიმართლე არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ

გამოქვეყნების თარიღი: 10.12.2018


რობი მუკი (Robby Mook)

ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ პარასკევს წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს ახალი თვალით შევხედოთ, იმას თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება აშშ–ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. 2015 წელს მაიკლ კოენს “რუსი“ დაუკავშირდა, რომელსაც “ურთიერთსასარგებლო კოორდინაციის“ დამყარება უნდოდა ტრამპის შტაბსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის. სპეცპროკურორის გუნდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ცრუობდა თავისი შეხვედრის შესახებ კონსტანტინ კილიმნიკთან რომელსაც ამერიკის მთავრობა რუსეთის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს.

რა თქმა უნდა, მიულერის ახალი დასკვნები სენსაციად იქცა. მაგრამ შეიცვალა თუ არა ბევრი რამ 2016 წლის შემდეგ და გახდა თუ არა ჩვენი ცოდნა უფრო მოცულობითი ტრამპისა და რუსეთის შესახებ? არც ისე.

2016 წლის ივლისში დემოკრატიული პარტიის ყრილობის წინ რუსეთის აგენტებმა ვიკილიქსის საშუალებით ათასობით ელექტრონული წერილი გამოაქვეყნეს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტიდან იყო მოპარული.  გამოქვეყნების დრო ზუსტად იყო შერჩეული და მან დემოკრატებს კრიტიკულ მომენტში მაქსიმალური ზიანი მიაყენა. იმ დროს მე, დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შემდგომი ორი დღის განმავლობაში ორ საკვირაო პოლიტიკურ თოქ–შოუში მივიღე მონაწილეობა და მზად ვიყავი ამ წერილებთან დაკავშირებული უამრავი კითხვისთვის მეპასუხა. მაგრამ ვთვლიდი, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მოპარული დოკუმენტების შინაარსზე კონცენტრირება, არამედ იმაზე თუ რატომ გამოქვეყნდა ისინი.

“ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის სახელმწიფოს აგენტებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის კომპიუტერები და მოიპარეს ეს ელექტრონული წერილები.  სხვა ექსპერტები კი ახლა აცხადებენ, რომ რუსები ამ წერილებს ტრამპის დახმარების მიზნით აქვეყნებენ. ეს ჩემი პირადი აზრი არ არის. ეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დასკვნებია “– ვუთხარი ჯეიკ ტეპერს სი ენ ენ –ზე გამოსვლისას.


რუსული კვალი ამ ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო ცხადი. 14 ივნისს “ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვის შესახებ. სტატიის სათაურში კი ნათქვამი იყო, რომ ეს გააკეთეს “რუსმა ხაკერებმა სახელმწიფო სტრუქტურებიდან“. ორი დღის შემდეგ ახალი ამბების არხმა Vice News გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოპარული დოკუმენტების დამუშავებისას გამოიყენებოდა აპარატურა, რომელიც რუსულ ენაზე იყო აწყობილი. ერთ–ერთ ლოგ–ინში კი საბჭოთა სპეცსამსახურების პირველი ხელმძღვანელის გვარი იყო გამოყენებული.

იმ დროისათვის ტრამპსა და რუსულ სახელმწიფოს შორის სიახლოვე იმდენად აშკარა იყო, რომ ჟურნალმა პოლიტიკომ თავის მაის/ივნისის ნომერში დიდი სტატია გამოაქვეყნა და ტრამს “კრემლის კანდიდატი“ უწოდა. სწორედ იმ პერიოდში ტრამპმა პოლ მანაფორტი თავისი წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა. მანაფორტი უკრაინის პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ლობისტი და კონსულტანტი იყო, რომელიც 2014 წელს გადატრიალების შედეგად დაამხეს. გარდა ამისა ის რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას მრჩევლად მუშაობდა.

ივლისის შუა რიცხვებში ტრამპის შტაბმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სრულიად მოულოდნელად მისი მონაწილეებისთვის ხელის ამოტიალების მეთოდი გამოიყენა რათა დიდი ძველი პარტიის პლატფორმა უფრო პრორუსული და პროპუტინური გაეხადა. ამ ყრილობას ესწრებოდა აშშ–ში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი რაც ძალიან უჩვეულო იყო. იმავე თვეში ტრამპის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კარტერ პეიჯი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში, აშშ გააკრიტიკა “დემოკრატიზაციის მიმართ პირფერული ყურადღების გამო “ და პუტინის რეჟიმი შეაქო.

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილი იყო. ამის მიუხედავად როცა მე და ჩვენი შტაბის სხვა წევრებმა დავიწყეთ გამეორება, რომ ხაკერულ თავდასხმაში რუსეთი იყო ჩარული რომელსაც ტრამპისთვის დახმარება უნდოდა, პრესის ბევრი წარმომადგენელი ამას სკეპტიკურად შეხვდა და ეს განცხადება ჩვეულებრივ პიარად ჩათვალა. ბევრი ფიქრობდა, რომ განცხადებები ტრამპისთვის რუსეთის ხელშეწყობის შესახებ სიმართლეს არ გავდა. ჩვენმა ყველაზე მტკიცე მხარდამჭერებმაც კი იფიქრეს რომ ჭკუიდან გადავდექი.

არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ნათელი გახდა და ბევრი ამას დაეთანხმა, რომ რუსეთი საარჩევნო კამპანიაში ერეოდა. კრემლს კი შესაძლოა ტრამპის შტაბის წევრ აგენტებთან ქონოდა ურთიერთობა. დღესაც კი არის ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება ტრამპის პოლიტიკურ ოპერაციასა და დამნაშავეებს შორის კავშირში, რომლებმაც დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს. თუმცა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლმა, როჯერ სტოუნმა 2016 წელს არაერთხელ განაცხადა, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ვიკილიქსის დამფუძნებელთან, ჯულიან ასანჟთან. ბოლო დროს სტოუნი უარყოფს ასანჟთან ურთიერთობას, გასულ კვირას კი სტოუნის ადვოკატმა სენატის იურიდიულ კომიტეტს შეატყობინა, რომ მისი კლიენტი მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლებით ისარგებლებს და რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიების ფარგლებში კომიტეტს ჩვენებას არ მისცემს.

სრულიად ცხადია, რომ 2016 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის ჩარევის უამრავი მტკიცებულება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევიდან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანეთ. რატომ გახდა საჭირო ორი წელი და ათობით საბრალდებო დასკვნა რომ ადამიანებს დაეჯერებინათ: რუსეთი არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის უკან იდგა, არამედ შეთქმულებაში ტრამპის შტაბიც მონაწილეობდა. მტკიცებულებები და ფაქტები ხომ 2016 წელსაც საკმარისზე მეტი იყო.

 

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც დამალულია და საიდუმლოა. თუ ინფორმაცია სასამართლოს კარის მიღმაა დამალული, მას შეიძლება სენსაცია ვუწოდოთ. მაგრამ თუ ყველას თვალწინ დევს, მაშინ მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.


 

სტატიის ორიგინალი

https://www.washingtonpost.com/opinions/the-sad-truth-about-russian-election-interference-is-that-we-knew-about-it-before-election-day/2018/12/09/0d13d30c-fb06-11e8-8d64-4e79db33382f_story.html?utm_term=.ed1830e9737b