მაკოლეი კალკინმა ჯექსონისთვის წაყენებულ პედოფილიის ბრალდებებზე ილაპარაკა
39 წლის მაკოლეი კალკინმა, რომელსაც მაყურებელი ბავშვობიდან კარგად იცნობს ფილმების სერიის “მარტო სახლში“ მონაწილეობის გამო, ჟურნალ Esquire –სთან ინტერვიუში გარდაცვლილ მომღერალ მაიკლ ჯექსონზე დასმულ კითხვებს უპასუხა და კომენტარი გააკეთა დოკუმენტურ ფილმ “ნევერლენდის დატოვების“ გამოსვლის შემდეგ ატეხილ სკანდალზე. ფილმის გმირები, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ფილმში ყვებიან, რომ ბავშვობაში პოპმომღერლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ჯექსონი მუდმივად ბავშვებით იყო გარემოცული და მათ შორის იყო კალკინიც.

ჟურნალთან ინტერვიუსას მსახიობმა თქვა, რომ დღემდე თავს გარდაცვლილი მომღერლის მეგობრად თვლის:

“მას ჩემთვის არასოდეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. და არც მინახავს, რომ რამე ცუდი გაეკეთებინოს. არ მაქვს მიზეზი რამეს ვმალავდე, განსაკუთრებით ახლა. მაიკლი მკვდარია. სათქმელი რომ მქონდეს, არ გავჩუმდებოდი, მაგრამ არა, არასოდეს  მსგავსი არაფერი მინახავს.“– თქვა კალკინმა.



კალკინის ბევრმა კოლეგამ და მისმა ძმამ, კირანმაც კი ფილმის გამოსვლის შემდეგ საკუთარი აზრი გამოთქვა ფილმის გმირების, თავად ფილმის და ჯექსონის შესახებ. ინტერვიუში მაკოლეიმ გაიხსენა, როგორ მივიდა ერთხელ მასთან მსახიობი ჯეიმს ფრანკო, რომ მისთვის ფილმთან დამოკიდებულების შესახებ ეკითხა:

“ეს ფილმის გამოსვლიდან მალევე მოხდა. ჯეიმსმა მკითხა რას ვფიქრობდი. მე მივუბრუნდი და ვკითხე: “გინდა შენს გარდაცვლილ მეგობარზე ილაპარაკო?“. ჩემმა რეაქციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და მიპასუხა: „არა, არ ვიცი“ . ამის შემდეგ დავემშვიდობა და წავედი.“– იხსენებს თვითმფრინავში ფრანკოსთან შეხვედრას კალკინი.

Print
ბოლო სიახლეები