ჰოლივუდის ვარსკვლავი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჰოლივუდის მსახიობი, მომღერალი და ცხოველთა დამცველი აქტივისტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჰოლივუდის “ოქროს ხანის“ ერთ–ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო.

გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა – ნათქვამია დორის დეის ცხოველების დაცვის ფონდის განცხადებაში.

“დეი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო მის ასაკთან შედარებით, სანამ ცოტა ხნის წინ პნევმონიის მძიმე ფორმით არ დაავადდა. ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება“ – ნათქვამია განცხადებაში.

დორის დეი 1922 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო.

მისი მთავარი ჰიტი იყო Que Sera Sera, რომელიც საბოლოოდ მსოფლიოს მაშტაბით ბევრმა მომღერალმა იმღერა. დეი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Perhaps, Perhaps, Perhaps, Sentimental Journey და სხვები.

ფილმი “დაბრუნდი ჩემო სიყვარულო“, რომელშიც დორის დეიმ როკ ჰადსონთან ერთად ითამაშა, 1950-1960–იანი წლების ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. სულ დორის დეიმ 30–ზე მეტ ფილმში ითამაშა.

1970–იანი წლებიდან დეიმ მთელი ყურადღება ცხოველების დაცვაზე გადაიტანა.  2004 წელს დაჯილდოვდა “პრეზიდენტის თავისუფლების ჯილდოთი“, 2008 წელს კი მუსიკალური პრემია გრემით.
Print
ბოლო სიახლეები