რუსული ცენზურა ელტონ ჯონისთვის. ბიოგრაფიული ფილმიდან სექსის და ნარკოტიკების სცენები ამოჭრეს
ელტონ ჯონზე გადაღებულ ფილმს რუსულ კინოგაქირავებაში რეალურზე ხუთი წუთით ნაკლები ქრონომეტრაჟი აქვს: ფილმიდან გეი–სექსის და ნარკოტიკების შემცველი სცენები ამოჭრეს. რუსეთის კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ფილმის ცენზურასთან კავშირი არ აქვთ, კომპანიაში კი, რომელმაც ფილმის კინოგაქირავების უფლება შეისყიდა ამბობენ, რომ ფილმი დაარედაქტირეს, რათა რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ კანონმდებლობასთან.

ფილმ “როკეტმენის“ პრემიერა რუსეთში ხუთშაბათს შედგა. ფილმი ბრიტანელი მუსიკოსის, კომპოზიტორის და დაუფარავი ჰომოსექსუალის, ელტონ ჯონის ცხოვრებას ეხება. ბრიტანელი რეჟისორის, დექსტერ ფლეტჩერის ბიოგრაფიული ფილმიდან რომ სცენები იყო გამქრალი, სწორედ პრემიერის დროს გაირკვა. ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ფილმიდან გამქრალი იყო მამაკაცების ინტიმური ურთიერთობის სცენები და ბევრი ნარკოტიკთან დაკავშირებული ფრაგმენტი.

მაგალითად, ფილმიდან ამოიღეს შიშველი ელტონ ჯონის და მისი მენეჯერის, ჯონ რაიდის სცენა, სადაც მათ სექსი აქვთ.

ამ 40 წამიანი სცენის გაქირავების ვერსიიდან ამოღების რეკომენდაციაზე ადრე დეილი მეილიც წერდა. მისი მონაცემებით კინოკომპანია Paramount Pictures ფილმის შემქმნელებისგან ამ სცენის ამოღებას ითხოვდა, რათა აშშ–ში ჩვენებისთვის ასაკობრივი რეიტინგი შეემცირებინათ.

თავად ელტონ ჯონი კი ყოველგვარი ცენზურის წინააღმდეგ გამოდიოდა და ფილმის შემქმნელებს მოუწოდებდა, ყველაფერი მოეყოლათ, თუნდაც ფილმს მაღალი ასაკობრივი რეიტინგი 17+ დაემსახურებინა.



სექსის სცენების გარდა ფილმის რუსული ვერსიიდან გაქრა სლაიდის ის ნაწილი, სადაც ელტონ ჯონის და მისი მეუღლის ფოტოს აქვს წარწერა: “ელტონ ჯონმა მისი ნამდვილი სიყვარული–დევიდ ფერნიში იპოვნა, რომელთან ერთად უკე 15 წელია ცხოვრობს ქორწინებაში. ისინი ორ შვილს ზრდიან“.

კინოკრიტიკოსები, ვინც ფილმის რუსული ვერსია ნახეს ამბობენ, რომ ამოჭრილი 5 წუთი თითქოს ცოტაა, მაგრამ ძალიან პრინციპული 5 წუთია მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობის აღქმისთმის.

ფილმიდან სცენების ამოჭრამ მაყურებელი აღაშფოთა. მათი უმრავლესობა თვლის, რომ მათი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა. ნაწილმა შესაბამისი განცხადებით როსპოტრებნადზორს მიმართა.

ნაწილი კი, ვინც ფილმის გამოსვლას კინოთეატრებში მოუთმენლად ელოდებოდა ამბობს, რომ ცენზურის გამო კინოთეატრის ბილეთებს აღარ იყიდის და დაელოდება როდის გამოჩნდება ფილმი ინტერნეტში.

ფილმის ჩვენება რუსეთის კინოთეატრებში 6 ივნისს დაიწყება.
Print
ბოლო სიახლეები