“ივანიშვილს ჰყავს მტრები და სამწუხაროდ, ეს მტრები ძირითადად გუნდის შიგნით არიან“–20/30-იანელები
მოძრაობა 2030–იანელები მორიგი “ინიციატივით“ გამოდის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დასაბრუნებლად პოლიტიკურ სპექტრს საკონსტიტუციო ცვლილებების იდეას სთავაზობს.

“ეს დღეებია გავრცელდა სასიხარულო ცნობა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად ბრუნდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ამბავმა იმედი ჩაუსახა საზოგადოებას, რომ ქვეყანა შეუქცევადად დაუბრუნდებოდა სწრაფი განვითარების გზას, რომლისგანაც გადაუხვია მას მერე, რაც ბატონი ბიძინა დიდსულოვნად წავიდა პოლიტიკიდან, რათა თავისი ჭარბი ნდობით არ დაეზიანებინა დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში.

ალბათ ახალს არაფერს ვიტყვით, იმის შეხსენებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მტრები და სამწუხაროდ, ეს მტრები ძირითადად გუნდის შიგნით არიან, ისინი ბოროტად სარგებლობენ ბატონი ბიძინას უსაზღვრო მიმტევებლობით.

მტრები დიდი ხანია ფარულად მუშაობდნენ, რათა ბატონი ბიძინა ჩამოეშორებინათ აქტიურ პოლიტიკას. ერთ-ერთმა ასეთმა ვითომ თანამოაზრემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მას კონსტიტუციით აუკრძალა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება.

თან იმავე მოტივით, რა მოტივითაც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. მათ ვერ აიტანეს, რომ ბატონი ბიძინა რამდენიმე ქვეყნის საპატიო მოქალაქეა.
ამაზე დიდი პოლიტიკური ჩათლახობა საკუთარი გუნდელებისგან, ჩვენთვის წარმოუდგენელია.

ასეა თუ ისე, ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები.

ბატონი ბიძინა აუცილებლად უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" წევრებს, სასწრაფოდ დაიწყონ კონსულტაცია ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ამისთვის, სამწუხაროდ, აუცილებელია ოპოზიციური ხმებიც.

ოპოზიციას ბატონი ბიძინასი, როგორც ძლიერი და სამართლიანი ლიდერის, ეშინია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა, თუ პატარა ტრიუკს ჩავატარებთ და ამ ცვლილებას, პროპორციული არჩევნების პაკეტთან ერთად შევიტანთ, უარს ვერ გაბედავენ.

ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისთვის სწორედ ესაა საჭირო, პროპორციული არჩევნები და ბატონი ბიძინა პრემიერად.“–ნათქვამია 2030–იანელების განცხადებაში.

ეს გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ ტროლინგის ახალი სახეობით არის დაკავებული: მოძრაობის წევრები აგროვებენ ხელმოწერებს ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, ჩამოასხეს ღვინო “ბიძინაური,“ მართავენ სხვადასხვა აქტივობებს ივანიშვილის სადიდებლად, უძღვნიან ლექსებს და ა.შ.
Print
ბოლო სიახლეები