მსოფლიო შოკშია – რა ელის მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობას, რომლის პედოფილობაში ეჭვი აღარავის ეპარება
მიუხედავად ოჯახის წევრებისა და მემკვიდრეების აღშფოთებისა და მთელ მსოფლიოში მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების პროტესტისა  ბრიტანეთის და აშშ–ს ტელევიზიებით ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი “ნევერლენდის დატოვება“ მსოფლიოში უმრავლესობისთვის პასუხი აღმოჩნდა კითხვაზე, რომელიც ნახევარი საუკუნეა არსებობს: იყო თუ არა მაიკლ ჯექსონი პედოფილი.

ჯეიმს სეიფჩაკი და უეიდ რობსონი, რომლებიც ახლა უკვე ზრდასრული მამაკაცები არიან, ფილმში ყვებიან, როგორ აიძულებდა მათ მაიკლ ჯექსონი წლების მანძილზე გარყვნილ ქმედებებს. ეს მაშინ დაიწყო, როცა ბიჭები ძალიან პატარები იყვნენ.

ორი ადამიანის ჩვენება, რომელთათვისაც ბავშვობაში მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი სათაყვანო კუმირი იყო, და რომლებსაც ეს კუმირი ფრთხილად, ნაზად, თუმცა მიზანდასახულად და ჯიუტად საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებას აიძულებდა, ნამდვილ ტრაგედიას გადმოსცემს.


ტრაგიკულია არა მხოლოდ მოტყუებული პატარა ბიჭების ხვედრი, არამედ თავად ჯექსონისაც, რომელმაც მძიმე ბავშვობის შემდეგ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია, სიმდიდრემ და გავლენამ კი გაუჩინა განცდა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართული იყო.

პოპ ვარსკვლავი ათი წლის წინ გარდაიცვალა, რამაც ის იმ სასჯელისგან გაათავისუფლა, რაც ჩადენილის გამო რეალურად ელოდა, თუმცა მის სახელს უკვე გამოუსწორებელი დარტყმა მიადგა.

შოკში არიან ისინი, ვინც ათწლეულების მანძილზე აღმერთებდა მომღერალს და მისი საოცარი კარიერის განვითარებას ადევნებდა თვალს.

დადგა საკითხი: რა ბედი უნდა ეწიოს უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც პოპ მუსიკის მეფემ დატოვა? უნდა დარჩეს თუ არა მისი როლი ხელოვნებაში და კულტურაში ხელშეუხებელი, თუ მისი საქციელის დაგმობის კვალდაკვალ თაყვანისმცემლებმა ყველაფერი უნდა უარყონ, რაც მის სახელს უკავშირდება და რასაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი წლების მანძილზე ეთაყვანებოდა.

“ოთხსაათიანი დოკუმენური ფილმის უკვე მესამე წუთზე ნათელი გახდა, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობა ამ დღის შემდეგ ისეთად ვეღარ დარჩებოდა, როგორც მანამდე იყო“ – წერდა ბრიტანული Guardian –ის კორესპონდენტი დამოუკიდებელი კინოს ფესტივალ Sundance–ზე ფილმის პრემიერის მეორე დღეს. პრემიერია ამ წლის 24 იანვარს ამერიკაში, იუტას შტატში გაიმართა.

ამერიკულ HBO–ს ტელეარხზე ფილმის ტრანსლაციიდან ბუკვალურად მეორე დღეს კი კანადასა და ახალ ზელანდიაში რამდენიმე რადიოარხმა განაცხადა, რომ ჯექსონის სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან ხსნიან. მედიამ ისიც შენიშნა, რომ 24 თებერვლიდან მაიკლ ჯექსონის სიმღერები ბიბისის ერთ–ერთი რადიოარხის – რადიო 2–ის ფლეილისტიდანაც გაქრა, თუმცა კორპორაციამ ეს იმით ახსნა, რომ ფლეილისტი ახალი რელიზებისთვის არის განკუთვნილი.



შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში მთავარი დილემა ახლა სწორედ ის არის, რა მოუხერხონ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობას და უახლოეს მომავალში ამ დილემაზე რეაქცია მთავარი თავისტკივილია.
საქმე მხოლოდ მორალს არ ეხება. ამ დილემაზე პასუხზეა დამოკიდებული მილიარდობით დოლარად შეფასებული მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის კომერციული ბედი.


#MeToo–ს ეპოქა
ხელოვანების პირადი ცხოვრების, გარყვნილებისა და მათ მიერ შექმნილი ფასეული ნამუშევრების დილემა მსოფლიოსთვის ახალი არ არის. ზოგჯერ მწერლები, მხატვრები თუ რეჟისორები სულაც არ არიან იდეალური ადამიანები და დანაშაულსაც ჩადიან. ზოგ შემთხვევაში მათი პიროვნული ბედი მათ შემოქმედებაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მათი შემოქმედებითი ცხოვრებისთვისაც განაჩენია.

ფილმ “ნევერლენდის დატოვების“ რეზონანსი ხანგრძლივი და ძლიერი იქნება. ფილმის ტრანსლაცია 2019 წელს დაემთხვა, რომელსაც წინ სექსუალურ სკანდალებთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე და კამპანიები #MeToo და Time's Up უძღვოდა.

ყველას ახსოვს ჰარვი ვაინშტეინის და კევინ სპეისის სკანდალი, რომლებსაც მათთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვა. კევინ სპეისი ჯერ კიდევ სასამართლომდე მოხსნეს ყველა როლიდან. შეჩერდა მუშაობა პრაქტიკულად ბოლომდე გადაღებულ ფილმზე „მსოფლიოს მთელი ფული“ და ფილმი პრაქტიკულად ახლიდან გადაიღეს, კეთროვანად ქცეული კევინ სპეისი კი კრისტოფერ პლამერმა ჩაანაცავლა. მსახიობი პოპულარული სერიალიდან – “ბანქოს სახლიდანაც“ გაიყვანეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სერიალის წინა სეზონებს ან მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს ვიდეოთეკებიდან და ონლაინ საიტებიდან ამოიღებენ.სპეისის და ვაინშტეინის შემთხვევაში მათი პროფესიული კარიერა დასრულდა.

თუმცა გაუმართლა რეჟისორ ვუდი ალენს, რომელიც შელახული რეპუტაციის მიუხედავად კვლავ ერთ–ერთი დიდ რეჟისორად რჩება და მუშაობას განაგრძობს.“ბოჰემური რაფოსდიის“ რეჟისორის, ბრაიან სინგერის მიმართ ბრალდებებმა კი სულაც ვერ იმოქმედა მისი ფილმის ცოტა ხნის წიპნანდელ ტრიუმფზე და მრავალი ჯილდოს მიღებაზე.

მაიკლ ჯექსონის ბრენდის პოპულარობა, მიმზიდველობა და კომერციული ძალა ბევრად დიდია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებისა ერთად აღებული.მისი ამოშანთვა და წაშლა შეუძლებელია. თუნდაც მსოფლიოს ყველა რადიოსადგურმა უარი თქვას ჯექსონის მუსიკაზე, ის ვერსად გაქრება. თუნდაც მისი სიმღერები ონლაინ სივრციდან გააქრონ, მისი ალბომები მსოფლიოში ათეულობით მილიონი ტირაჟით არის გაყიდული.

ყველაზე მძიმე მისი თაყვანისმცემლებისთვის ინდივიდუალური დილემაა – რა მოუხერხონ იმ სიყვარულს და პატივისცემას, რაც წლების მანძილზე ჰქონდათ, ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ზოგი ფანი მის დისკებს და პლაკატებს ნაგავში ყრის, ზოგი კი ბრალდებებს არ იმჩნევს და კვლავ ჯექსონის თაყვანისმცემლად დარჩება.



იმაზე საუბარი, რომ ხელოვანის პირადი ცხოვრება მის შემოქმედებას არ უკავშირდება ალბათ ფარისევლობაა. თუმცა თაყვანისმცემლებს მოუწევთ საკუთარ ცნობიერებაში ერთმანეთს შეუთავსონ ჯექსონის ნიჭით აღფრთოვანება და მისი საქციელის მიმართ გულისრევა.თაყვანისმცემლების ნაწილი კი ალბათ მაინც არასდროს დაიჯერებს მათი კუმირის პედოფილობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურებულ ინფორმაციას.
Print
ბოლო სიახლეები