ათიდან ოთხი იტალიელი საკუთარ სქესში დარწმუნებული არ არის
“თავს მამაკაცად ვთვლი, თუმცა ნაწილობრივ ქალად“ – ასე პასუხობს ათიდან ოთხი იტალიელი მათი სქესის შესახებ დასმულ კითხვას.

გენდერული თვითიდენტიფიკაციის საკითხში იტალიელთა დიდი ნაწილი მერყეობს . გამოკითხულთა მხოლოდ 61 % ამობს, რომ ზუსტად აიგივებს საკუთარ თავს თავის დომინანტ სქესთან და ამ საკითხში არანაირი ეჭვები არ გააჩნია. დანარჩენები კითხვას სხვაგვარად პასუხობენ: 36 % ამბობს, რომ საკუთრ იდენტობაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ათიდან ერთი იტალიელი ამბობს, რომ საერთოდ არ გააჩნია სქესი, 3% კი ამბობს, რომ საწინააღმდეგო სქესის იდენტობა აქვს, ანუ საკუთარ ჰომოსექსუალობას აღიარებს.

გამოკითხვა იტალიელების სექსუალური იდენტობის შესახებ სახელწოდებით “იტალიელები და სექსი“ კვლევითმა ცენტრმა Italiani.coop ჩაატარა მომხმარებელთა კოოპერატივების ნაციონალურ ასოციაციასთან ერთად, რომელიც იტალიელებს შორის მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკურ ცვლილებებს აანალიზებს.

კვლევას საფუძვლად დაედო 18 –დან 65 წლამდე ასაკის 7000 იტალიელის გამოკითხვა.

კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ალბინო რუსო ამბობს, რომ იტალიელებისთვის სექსი ტაბუს აღარ წარმოადგენს, რაც იმითაც მტკიცდება, რომ გამოკითხულები თავისუფლად საუბრობდნენ საკუთარ თავზე, ღიად საუბრობდნენ საკუთარ სექსუალურ სურვილებზე და გენდერულ იდენტიფიკაციაზე.

მკვლევარები ამბობენ, რომ სტატისტიკური ცდომილება ძალიან მცირეა და კვლევა ძალიან ზუსტად ასახავს იტალიურ საზოგადოებაში არსებულ სურათს და ტენდენციებს.

იტალიურ საზოგადოებაში მკაფიოდ ფორმირდება “აგენდერების“ კატეგორია, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებისგან შედგება. 35 წლამდე მამაკაცების 22% თავს სწრედ ასეთად თვლის. კვლევის ავტორების თქმით სწორედ ახალგაზრდა მამაკაცებშია ყველაზე ნაკლებად გამოკვეთილი სექსუალური იდენტიფიკაცია. ამის ერთ–ერთ მიზეზად მკვლევარებს გენდერის საკითხების მიმართ ამჟამინდელ კულტურაში უფრო თავისუფალი დამოკიდებულება მიაჩნიათ, ვიდრე უფროს თაობების მსოფლმხედველობის ფორმირების დროს იყო.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი თავს არა მხოლოდ “აგენდერად“ თვლის, არამედ ზოგადად ნაკლებ სექსუალურ აქტივობას ამჟღავნებს.

ყოველი მეოთხე იტალიელი ამბობს, რომ აქტიურ და მისთვის დამაკმაყოფილებელ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა, თუმცა მილენიალების, ანუ 35 წლამდე ახალგაზრდების 17% ამბობს, რომ სექსუალური ურთიერთობები საერთოდ არ აქვთ და არც აინტერესებთ.

მკვლევარების თქმით ე.წ. “ბეიბი ბუმერების“ თაობაშიც კი, რომელთა ასაკი ამჟამად 56–65 წელია, 28 % ასკეტია, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ როლს სავარაუდოდ ბიოლოგიური და ჰორმონალური შემადგენელი თამაშობს, რომელიც ასაკთან ერთად სექსუალური აქტივობის დაქვეითებას იწვევს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, აქ მიზეზი სავარაუდოდ უფრო ფინანსური დამოუკიდებლობის არარსებობა და ოჯახთან ერთად ცხოვრებაა. მკვლევარები ამბობენ, რომ ახალგაზრდობას შორის უმუშევრობის მაღალი დონე მათი ოჯახიდან დამოუკიდებლად ცხოვრების შანსებს ამცირებს და შესაბამისად ამცირებს აქტიური სქესობრივი ცხოვრების შანსსაც. იტალია ევროპის ქვეყნებში ლიდერია ახალგაზრდობის უმუშერობის მხრივ. ამ ქვეყანაში 35 წლამდე ახალგაზრდების 26% უმუშევარია და არც არსად სწავლობს. არადა ევროპაში ამ თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებელი 15% –ია. ამის მიუხედავად მკვლევარების აზრით ეს ერთადერთი მიზეზი არ არის და გარკვეულ როლს შეიძლება თამშობდეს სექსის მიმართ შიშის, უხერხულობის, დაბნეულბის განცდა , მითუმეტეს რომ კვლევა ადასტურებს მკაფიო და ნათელ ცვლილებებს წარსულის კლიშეებთან შედარებით, რომლებიც შესაძლოა მკაცრი იყო, მაგრამ სრულიად მკაფიო და მარტივი.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეკონომიკური სტატუსი უშუალოდ ახდენს გავლენას საკუთარი სექსუალური აქტივობის აღქმაზე. იმ ადამიანების 71 %, რომლებსაც წლიური შემოსავალი 90 ათას ევრზე მეტი აქვთ, საკუთარი სექსუალური ცხვორებით კმაყოფილია. იმ ადამიაბს შორის კი, ვინც წელიწადში 30 ათას ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს, საკუთარი სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილი მხოლოდ 58 პრცენტია. მართალია ფინანსებსა და სექსს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს გარემოებები, რომლებიც ხშირად ფინანსებზეა დამოკიდებული სექსუალური თვითშეფასების და სექსუალური ცხოვრების ხარისხზე მაინც მოქმედებს.

თუმცა მკვლევარები ვერ პასუხობენ კითხვას – რაც უფრო ხშირად აქვს ადამიანს სექსი მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს და წარმატებულია თუ პირიქით, ბედნიერება და წარმატება მისი სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას იწვევს.
Print
ბოლო სიახლეები