გაფართოვდება თუ არა ივანიშვილის კარმიდამო ბოტანიკური ბაღის ხარჯზე. ტერიტორიის ნაწილს სტატუსი ეცვლება
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.

გენერალურ გეგმაში შეტანილი ცვლილებები აჩენს ეჭვს, რომ მომავალში ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთროს, რადგან ცვლილება არა ბაღის მთელ ტერიტორიას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს შეეხო, რომელიც ოლიგარქის სასახლეს ესაზღვრება.

იმ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრზე, რომელიც ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსის ცვლილებების შემდეგ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს აშენებაა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამას სპეციალური ზონალური შეთანხმება დასჭირდება, რომლის უფლებაც თბილისის მერს აქვს მინიჭებული.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოტანიკური ბაღის ხარჯზე რეზიდენციის გაფართოებას ივანიშვილი გეგმას, რადგან მის მომიჯნავედ მშენებლობის წამოწყებას ოლიგარქის გარდა ვერავინ გაბედავს.

დღის ბოლოს თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილემ განმარტება გააკეთა. მაია ბითაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, მომავალში გასხვისდეს. თუმცა მან არ უარყო, რომ ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი რეკრეაციული ზონა 1 ზონა 2-ით შეიცვალა.
თბილისის გენგეგმა თბილისის საკრებულომ 15 მარტს უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ სხდომა ხმაურიანი იქნება, რადგან ოპოზიცია გენგეგმაში კიდევ ბევრ ხარვეზს ხედავს და მას კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს.


Print
ბოლო სიახლეები