რატომ შეწყვიტა ივანიშვილმა თანასოფლელების დაფინანსება. ჭორვილის ზღაპრის დასასრული
რა შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა?

მრავალი წელია ამ იმერულ სოფელზე ლეგენდები დადის – აქ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა.

მის სახელს აქ დღესაც ჩურჩულით და კრძალვით წარმოთქვამენ, განსაკუთრებით მედიასთან.

უკვე 6 წელია, რაც ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.

ონლაინ გამოცემა ჯემნიუსი ჭორვილაში იმის გასაგებად ჩავიდა, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში სოფელში, რომელსაც ოდესღაც მთელი საქართველო შენატროდა და ჭორვილადან ვრცელი რეპორტაჟი გააკეთა.

„ჭორვილა ყველაზე ევროპული იმერული სოფელია”, “ჭორვილაში სოციალიზმია”, “ბიძინამ ჭორვილაში ის გააკეთა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს სულ პირდებოდა, მაგრამ ვერასდროს შეასრულა!“, “ივანიშვილი მთელ საქართველოში იმას გააკეთებს, რაც ჭორვილაში გააკეთა”, – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც 2012 წლამდე ამ სოფელზე გაიგონებდით.

ბევრი მითი, რაც ამ სოფელზე 2012 წლამდე დადიოდა სიმართლეა.

ჭორვილა შვეიცარიულ სოფელს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართულს – ხის დაწნული ღობეებითა და იმერული ოდებით.

აქ ყველა სახლი კაპიტალურადაა ნაშენები. საკვამურების ნაცვლად სახურავზე სატელიტური თეფშები ჩანს, სოფლის ორღობე კი დიდი ხანია ჩაანაცვლა იდეალურად მოვლილმა და მოასფალტებულმა გზამ.ერთმანეთს წითელ და მწვანე სახურავებიანი, მოვლილი სახლები ენაცვლება.

ლეგენდა ჭორვილაზე – დასაწყისი და დასასრული

შუახნის ქალი რომელსაც სოფლის ცენტრში მაღაზია აქვს ივანიშვილს სკოლიდან იცნობს:

ჭორვილა. ჯემნიუსის ფოტო


„ჩემზე პატარაა, მაგრამ ვიცნობ და მიცნობს. თავის კლასელებს ყველას განსაკუთრებით ეხმარებოდა, 500 ლარი ჰქონდა მათთვის დანიშნული.. მაგრამ ეს ნათქვამი ახლა ცუდად არ გამომივიდეს… ახლა კიდევ ოჯახური დახმარება გვაქვს მთელ უბანს, მაგრამ ესეც ცუდად არ გამომივიდეს,“ – დარდობს ის და კამერას თვალს არიდებს.
სოფელში ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ის რაც 2012 წლამდე ჭორვილაში ხდებოდა ქართული სოფლების უმრავლესობას არც დაესიზმრება.

ჭორვილაში ივანიშვილის ხარჯებით აშენდა ახალი სკოლა, უფასო საავადმყოფო საჩხერეში, რემონტდებოდა და შენდებოდა სახლები, პედაგოგები და ექიმები ხელფასის ოდენობის დანამატს იღებდნენ.

ადგილობრივებისთვის უფასო იყო გაზი. გაზს უფასო გამათბობლები, ტელევიზორები, მაცივრები მოჰყვა. მაცივარი კი ისევ ივანიშვილის ფულით ნაყიდი საკვებით ივსებოდა. და ეს ყველაფერი ყველა ოჯახისთვის იყო.

ეს ზღაპარი 2012 წელს გაწყდა.

დღეს ჭორვილაში გაზი უფასო აღარ არის;მასწავლებლებსა და ექიმებს აღარ ერიცხებათ ხელფასზე დანამატი. ეს დახმარებაც სრულად მოხსნილია;ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული თანამედროვე რიტუალების სასახლე, რომელიც ქორწილისა თუ გასვენების დროს ჭორვილელებს უფასოდ ემსახურებოდა, რამდენიმე თვეა, რაც ფასიანი გახდა;საჩხერის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების საბაზისო ნაწილი ჭორვილელებისთვის უფასო იყო, რაც 2012 წლის შემდეგ შეწყდა;თუ 2012 წლამდე ივანიშვილი სოფლის ყველა კერძო სახლს არემონტებდა, 2012 წლის შემდეგ მისი ფინანსები ჩანს მხოლოდ საბავშვო ბაღში, რომელიც მან სამი წლის წინ გაარემონტა.

ივანიშვილის სახლის ფრაგმენტი ჭორვილაში. ჯემნიუსის ფოტო

რატომ შეიცვალა ყველაფერი?

აქაურები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუმცა ამ მიზეზებს შორის თავად ივანიშვილის ფაქტორი არ ფიგურირებს.მაგალითად, მილიარდერის კარის მეზობელმი, ბატონი გურამი ამბობს, რომ დახმარებების მოხსნა ივანიშვილს სააკაშვილმა აიძულა. ბატონი გურამი სწორედ ექს-პრეზიდენტს აბრალებს იმას, რომ ჭორვილელები ძველებურად დახმარებებს არ იღებენ:

„თხოვა სააკაშვილმა, ხალხი ბევრი უკმაყოფილო რჩებოდა, მასწავლებლებს ხელფასებს რომ უხდიდა, ღელავდა ხალხი და ესეც შეეშვა,” – ამბობს გურამ გამგებელი.

თუმცა, აქვე ბატონი გურამი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი დღესაც ზრუნავს სოფელზე. მისი თქმით, მილიარდერს სოფელში სპეციალური ხალხი ჰყავს – კომენდანტები, რომლებიც “ყველა ეზოსა და სახლ-კარში იყურებიან” და თუ ვინმეს უჭირს, ივანიშვილთან შუამდგომლობენ.

ზუსტად 6 წელია, რაც კაპანაძეების ოჯახში გაზის ქვითარი მიდის. მანამდე წლების განმავლობაში ოჯახი გაზის საფასურს არ იხდიდა.

თითქმის ამდენივე წელია, რაც სოფლის პედაგოგს მასწავლებლის ხელფასზე დანამატიც მოეხსნა და ხარჯიც გაეზარდა.თემურ კაპანაძე ივანიშვილის ხელგაშლილობის დასასრულის თავის ვერსიას გვთავაზობს – მისი თქმით, ის რომ ივანიშვილმა დახმარებები მოხსნა, თავად ჭორვილელების ბრალია, რომლებიც უყაირათოდ ხარჯავდნენ დახმარებას.

„ხალხს დღე და ღამე, სჭირდებოდათ თუ არა, შუქი ჰქონდათ ჩართული. რასაც ჩვენი რაიონი მოიხმარდა, მაგდენ შუქს მოიხმარდა მთელი ქალაქი რუსთავი. მინახავს, კაცს გაზი ჩართული აქვს გასათბობად და ფანჯარა ღია. ხომ არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება?! ფულის შოვნა თუ იცის იმ კაცმა, მისი ფასიც კი იცის,“ – ბრაზობს თემურ კაპანაძე .


სარიტუალო დარბაზზე, რომელიც სოფელში ბიძინამ ააშენა, ცალკე საუბარი ღირს.

რიტუალების სასახლე ჭორვილაში. ჯემნიუსის ფოტო

ეს თანამედროვე სტილის შუშის შენობაა, სადაც წლების განმავლობაში ყველა ჭორვილელისთვის უფასო იყო დარბაზი, ქორწილის, დაბადების დღის თუ ქელეხის გადასახდელად.მეტიც, ყოველ ახალდაქორწინებულ ჭორვილელ წყვილს ივანიშვილი 3000 დოლარს ჩუქნიდა. აქ ხუმრობდნენ, რომ ჭორვილაში დაუოჯახებელი არავინ რჩებოდა.

დღეს რიტუალების სასახლე უკვე ფასიანია. სულ რამდენიმე დღეში ამ დარბაზში პირველ “ფასიან” ქორწილს გადაიხდიან.როგორც ანონიმური გამვლელი ამბობს, ამ ფაქტს დიდი სკანდალი უძღოდა წინ.ის ყვება, რომ “თითქოს რაღაც ფული გაიფლანგა” და ამის გამო დირექტორი გაუშვეს.

„დასჯა როგორი იცის, თქვენც ქე იცით” – ამბობს ქალი და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებს აჯვარედინებს – „დაადვა ბოქლომი ზედ.“

ახლა შენობა მუნიციპალურ საკუთრებაშია, ის იჯარით გასცეს.

ჭორვილელებისთვის არც საჩხერის თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო არის უკვე უფასო სიკეთე.

სოფლის ექიმი ინგა კაპანაძე 2012 წლის შემდგომ პერიოდზე საუბარს თავს არიდებს.ის მადლობას უხდის ივანიშვილს იმისთვის, რაც 2012 წლამდე იყო.

“მისი წყალობით სოფელს დღეს კეთილმოწყობილი ამბულატორია აქვს, რომელსაც ორი ექიმი და სამი ექთანი ემსახურება,” – ამბობს ინგა კაპანაძე.

2012 წლის შემდეგ ჭორვილაში ივანიშვილის ქველმოქმედების ყველაზე ახალი და თვალსაჩინო მაგალითი ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ბაღია, რომელიც 2017 წელს მისი ფინანსებით გაარემონტეს.
Print
ბოლო სიახლეები