ქალები კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებისას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჭარბებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩაატარა.

განსხვავება ორი სქესის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის ყველაზე ნაკლებია დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნებში, სადაც ქალებს ჯანდაცვის მინიმალურ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ. და პირიქით: განვითარებულ ქვეყნებში ქალები კიდევ უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები.

ანგარიში დაწვრილებით მიმოიხილავს კაცების სიცოცხლის ნაკლები ხანგრძლივობის მიზეზებს, რომელთა შორის სახელდება როგორც ბიოლოგიური, ასევე საზოგადოებრივი და გარემოს დაბინძურების ფაქტორები. დედამიწაზე სიკვდილიანობის გამომწვევი 40 მიზეზიდან, კაცებზე 33 მოქმედებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სუიციდის მონაცემები. კაცებში თვითმკვლელობის ფაქტები 75%-ით მეტია, ვიდრე ქალებში. ასევე მაღალია საგზაო შემთხვევებში დაღუპვის და მკვლელობით სიცოცხლის დასრულების ალბათობა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველი სტატისტიკური მონაცემის უკან არის ადამიანი, ოჯახი, საზოგადოება, ან ერი. ჩვენი მიზანია ამ მონაცემებით შევიმუშაოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რათა ყველასთვის უფრო ჯანმრთელი, უსაფრთხო და სამართლიან სამყაროს მივუახლოვდეთ“ - აცხადებს ექიმი ტედროს ადჰანომ გებრიესუსი, ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
გაეროს ახალი ანგარიში ეძღვნება 7 აპრილს, მსოფლიო ჯანდაცვის დღეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წელს ამ დღეს პირველად სამედიცინო მომსახურებაზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებას გეგმავს.
Print
ბოლო სიახლეები