ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს მიმართავს
"ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან"-
ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

"2019 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები.

მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავოს მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება. მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს", - წერია განცხადებაში.


Print
ბოლო სიახლეები