“თბილი ამინდის პერიოდში, ბრგე ქართველი მამაკაცი მაისურს იხდის და ღიპგამოგდებული დარბის იქეთ-აქეთ“–ჯოზეფ სმიტი
საქართველოში მცხოვრები წარმოშობით ბრიტანელი ჟურნალისტი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება.

“რაც საქართველოში ვცხოვრობ, სულ თვალში მხვდება ერთი ქართული ტრადიცია, რომელიც სხვაგან დაცული არ არის და გარდა კულტურული თვითმყოფადობისა, სხვა არანაირ ახსნას არ ექვემდებარება.

ეს ტრადიცია გულისხმობს იმას, რომ როდესაც რამე ხდება - კარგი თუ ცუდი - თბილი ამინდის პერიოდში, ბრგე ქართველი მამაკაცი მაისურს იხდის და ღიპგამოგდებული დარბის იქეთ-აქეთ და ამ ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, უფრო თამამად და ალალად ერთვება მიმდინარე პროცესში.

სამწუხაროდ, ამ ბოლო პერდიოში საქართველოში "ბოდიშეიმინგი" ძალიან პოპულარული გახდა. მეც ვყოფილვარ ამ ცუდი და არაქართული ტენდენციის მსხვერპლი, რადგან ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესამჩნევად გავსუქდი.

არსებობს არგუმენტი, რომ თბილისი პრაიდი და ლგბტ+ თემის ღია სივრცეში გამოსვლა ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რაც მე მიმაჩნია სრულად ალოგიკურიად შემდეგის გამო: პრაიდი არის სწორად ის სივრცე, ის მოვლენა და ადამიანთა თავშეყრის ის ადგილი, სადაც "ბოდიშეიმინგი" მკაცრად აკრძალულია. გინდ ჯოხივით გამხდარი იყო, გინდ ვეშაპისხელა, პრაიდი არის სწორედ ის ადგილი, სადაც შენი სხეული - როგორც არ უნდა იყოს - შენი საქმეა და ისე მიგიღებენ, როგორიც ხარ.

ასე რომ ნამდვილო ქართველო ვაჟკაცებო! იცოდეთ ვინ გიწყობთ ხელს ტრადიციების შენარჩუნებაში, და ვინ არა!“ – წერს სმიტი.

წარმოშობით ბრიტანელი ჟურნალისტი ბოლო 7 წელია  საქართველოში ცხოვრობს. ის უკვე საქართველოს მოქალაქეა, არის სამოქალაქო აქტივისტი. 2017 წელს კი ადგილობრივ არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და ხმების 14%  მიიღო.
Print