"ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ"-სააკაშვილი(ვიდეო)



საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 2008 წლის ომზე საუბრობს.

„დღეს სრულდება 11 წელი მას შემდგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმასშტაბიანად საქართველოს, მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.

ჩემთვის, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია, მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავის ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა.

2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაინც გადარჩა ჩვენი გმირების წარმოდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით

ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ხალხის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის. ჩვენთვის საბოლოო გამარჯვება იქნება საქართველოს გამთლიანება მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩვენთვის საბოლოო გამარჯვება რა თქმა უნდა იქნება, საქართველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის ჯერ საჭიროა ამ შიდა, მეხუთე კოლონის ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან და ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები.

მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, დაკარგა მხედველობა, დაკარგა ჯანმრთელობა, ვინც დაკარგა თავისუფლება და ახლა იმყოფება ციხეებში, მაგრამ არ დაიხია უკან

შინდისის გმირების სისხლი, ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა. ჩვენ ვიქნებით ისევ, ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ევრაზიაში. დიდება საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“- ამბობს სააკაშვილი.




Print
ბოლო სიახლეები